ზურაბ გურული: ხომ იცით, მხოლოდ გამარჯვებას ეყოლება ბევრი მშობელი, დამარცხებას კი ერთი!

“ვიცი რომ ქართული საზოგადოების გაფაქიზოებულ გემოვნებას „სადღეგრძელო-პოსტები“ უფრო მოსწონს და ხანდახან მეც იძულებული ვარ მოდას ანგარიში გავუწიო, მაგრამ …
პრეზიდენტი და მისი გუნდი დღეს წარმოადგენს ერთადერთ ლეგალურ, ოფიციალურ საშუალებას, რომლის საშუალებითაც საქართველოს დამცველნი შეიძლება დაუკავშირდნენ მსოფლიოს. შესაბამისად, პრეზიდენტის სასახლეში 24-საათიან რეჟიმში უნდა ფუნქციონირებდეს კრიზისის მართვის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანებული უნდა იყვნენ ყველა დარგის პროფესიონალები. კომიტეტს უნდა ჰყავდეს ასევე 24-საათიან რეჟიმში მოფუნქციონირე საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ყოველდღე, დანიშნულ დროს უნდა ატარებდეს პრესკონფერენციას უცხოელი დიპლომატებისა და ჟურნალისტებისათვის. თავად პრეზიდენტი ყოველდღიურად უნდა იყოს ამ პრესკონფერენციის მთავარი გამომსვლელი; მის შემდეგ კი უნდა გამოდიოდნენ დიპლომატები, იურისტები და ექიმები!
იურისტებმა უნდა მოახსენონ პატიმრების მდგომარეობაზე; ე.წ. პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევებზე; ყველა სახის კანონდარღვევაზე.
ექიმებმა უნდა მოახსენონ დაშავებულების რაოდენობაზე და ხარისხზე.
სად ბრძანდებიან ქართველი ტოქსიკოლოგები? რომელიმემ ხმა ამოიღო ე.წ. პოლიციის მიერ აბსოლუტურად უკონტროლოდ გამოყენებულ ნაირნაირ ტოქსიკურ გაზებზე?
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები ცხადია ჩირგვებში სხედან ამჟამად. თქვენ არ გეხებათ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, კოლეგებო? ამდენი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი რომ დღეებია უკვე კოლოსალური რაოდენობით გამოყენებული შხამიანი გაზების ზემოქმედების ქვეშ არიან, არ იცით რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს ქრონიკულ, შეუქცევად პრობლემებს? ასე ზრუნავთ ერის გენოფონდზე? მარტო ჰომოსექსუალიზმის ევროპული პროპაგანდა გაღელვებთ მათთან მიმართებაში?
კითხვები ცხადია რიტორიკულია. ვიცი რომ არ გაღელვებთ; უფრო მეტიც, ბევრი თვლით რომ დემონსტრანტები ყველაფრის ღირსი არიან. გიცნობთ კარგად.
დავუბრუნდები ისევ პრეზიდენტს და მის გუნდს. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ასე მშვიდად დაელოდებით მოვლენების განვითარებას? 1% მაინც გჯერათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თქვენთვის სასურველ განაჩენს გამოიტანს? და რამე „დედლაინი“ არსებობს ამ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის?
ახალგაზრდები თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ვინ დგას მათ უკან? რატომ არ ხდება ყოველდღიური ჩართვები CNN-ზე, FOX-ზე და მსოფლიოს სხვა მეგა მედია-საშუალებებში? გასაგებია რომ ასაკოვანი პრეზიდენტი ამდენ რამეს თავს ვერ მოაბამს, მაგრამ არავინ ხართ დამხმარე? ვინ მართავს ამ კრიზისს? პრეზიდენტს და მის გუნდს ხომ ლეგალური უფლება აქვს ამისი?
უბრალოდ ველოდებით, რომ ეს პროტესტი სპონტანურად მივა გამარჯვებამდე?
ამ პროცესში ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს. ეს ხომ ჩვენი საერთო სამშობლოა.
გამოფხიზლდით. ამოძრავდით. თუ არ იცით, იკითხეთ. ხომ იცით, მხოლოდ გამარჯვებას ეყოლება ბევრი მშობელი, დამარცხებას კი ერთი!” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ჯანელიძე – მე არავის სახელით არ ვსაუბრობ, არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს, არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს – საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი

„ედისონის ცენტრი“ – საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი დასავლელი პარტნიორების გარეშე ნორმალური ფუნქციონირებისთვის მზად არ არის და განწირულია 90-იანი წლების მსგავსი კოლაფსის, ან რუსეთის სისტემის მიერ „ჩაყლაპვისთვის“