მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო.
ოპერაციამ მეტნაკლები წარმატებით ჩაიარა; მაგრამ იმ მიზნებს მაინც ვერ მიაღწია, რაც ჩაფიქრებული იყო; უფრო მეტიც, ლოგიკური ალბათობით, რუსეთისთვის პოტენციურად დამაზიანებელი შედეგები დაიდო.
მივყვეთ თანამიმდევრულად.
როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა მარია მალმერ სტენეგარდმა განაცხადა ბრიუსელში, 20-21 ნოემბერს, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, პრობლემა უკრაინასა და ამერიკაში კი არ არის, პრობლემა თავად ევროპაშია.
“სრულმასშტაბიანი ინვაზიის შემდეგ ევროპა უკრაინას დაეხმარა 187 მილიარდი ევროთი”- თქვა სტენეგარდმა. ცხადია, ამ 187 მილიარდში შედიოდა ევროპის ქვეყნებში ემიგრირებული უკრაინული ოჯახების დახმარებაც და ეს თანხა არ წარმოადგენდა სუფთად ომისათვის განსაზღვრულ გადარიცხვას.
“იმავე დროის განმავლობაში ჩვენ რუსეთიდან შევიძინეთ 201 მილიარდი ევროს ღირებულების მხოლოდ ენერგომატარებლები. თუ ამ თანხას დავუმატებთ სხვა სახის იმპორტსაც, ჯამში რუსეთს გადავუხადეთ 311 მილიარდი ევრო” – განაცხადა შვედმა მინისტრმა.
და ეს თანხა სრულად და უკლებლად მოხმარდა რუსულ საომარ მანქანას.
“ეს არის სირცხვილი და უზნეობა!” -ასე დაასრულა თავისი გამოსვლა ქალბატონმა სტენეგარდმა.
ამრიგად, ევროპამ ძალიან კარგად იცის, თუ რა არის გასაკეთებელი. ევროკავშირის ეკონომიკა 13-ჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკას და ასეთი პროპორციების არსებობის შემთხვევაში, რუსეთის საომარი ეკონომიკა ვერ უნდა უგებდეს უკრაინის უკან მდგომ ევროკავშირს.
“ჩვენ ვიცით რაც არის გასაკეთებელი” – ემოციურად მიმართა კოლეგებს სტენეგარდმა.
დიახ! მარტო მათ კი არა, მთელი მსოფლიოს მოაზროვნე, პოლიტიკურად არა-ანგაჟირებულმა სპექტრმა იცის და სხვებსაც უნდა აუხსნან და გააგებინონ.
ვლადიმერ პუტინმა დღევანდელი განცხადებით უკვე მთელი დასავლური ცივილიზაცია გამოიწვია დუელში ღიად. ძალიან კარგი. ეტყობა მისმა “ყოჩაღმა” გენერლებმა კიდევ ერთხელ შეუქმნეს სწრაფი გამარჯვების ილუზია, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა.
ახლა ჯერი გაერთიანებულ ცივილიზაციაზეა, თუ როგორ უპასუხებენ გამოწვევას.
შეგახსენებთ, რომ უკვე მოხდა შეუქცევადი მოვლენები, რაც რუსეთის ახალ ადგილს ჩააბეტონებს მომავალ მსოფლიოში. რუსეთი უკვე გახდა კეთროვანი მონსტრი, რომელსაც თანამედროვე ცივილიზაცია არანაირ ინტეგრაციას აღარ გაუკეთებს აღარც თავის ეკონომიკურ და აღარც სოციალურ სტრუქტურებში. ვლადიმერ პუტინმა ბოლო ხიდიც დაწვა.
წესით, ეს უნდა იყოს უზარმაზარი სტიმული უკრაინელებისთვისაც. იმედია, ისინი მოახერხებენ საკუთარი გახრწნილი ხელმძღვანელი სტრუქტურების სწრაფ წმენდას, რათა ბრძოლის გაგრძელება ეფექტურად შეძლონ.
დაველოდოთ …




