მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
“O sancta simplicitas!”
——————————
რამდენიმე დღის წინ „The Wall Strret Journal“- ში საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა კურსკის ბრძოლებში მონაწილე 225-ე უკრაინული ბატალიონის კაპიტანთან – ოლეჰ შირიაევთან. კაპიტანი ბევრ საინტერესო თემას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი საუბარი ჩრდილოეთ კორეელთა როლზე კურსკის ოპერაციაში. როგორც აღმოჩნდა, კორეელებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსული შეტევის წარმატებით დასრულებაში. შირიაევმა გაიხსენა, თუ როგორი ადვილი იყო მათთან ბრძოლა დასაწყისში და როგორ სწრაფად მოახერხეს კორეელებმა ადაპტირება ახალ საბრძოლო სიტუაციაში.
-კორეელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები; საბრძოლო-იდეოლოგიური დონე უმაღლესი აქვთ; შესანიშნავი მსროლელები არიან; იბრძვიან ბოლომდე; არ ტოვებენ დაჭრილებს ბრძოლის ველზე; არ ბარდებიან ტყვედ-.
ამ ბოლო წინადადებაზე მონგოლებთან ქართველთა ლაშქარის პირველი შეტაკება გამახსენდა, როდესაც ლაშა-გიორგის მებრძოლებმა მხოლოდ ერთი მონგოლი ჩაიგდეს ტყვედ და იმანაც ბრძოლის შემდეგ თავის მოკვლა მოახერხა; გაექცა მცველებს და კლდეზე მიახალა თავი.
შირიაევის მონაყოლის თანახმად, კორეელებმა მოახერხეს რუსულ სამხედრო შენაერთებთან „შეთამაშება“; ისწავლეს თანამედროვე ომის ტაქტიკა და კურსკის ოპერაციის დასასრულ ფაზაში გადამწყვეტი როლიც ითამაშეს.
-მათ დაუნდობლად უნდა ებრძოლო; ჩვენ წინ ვუხვედრებდით დანაღმულ ველებს; ისინი კი დაჭრილებიც იბრძოდნენ. უკრაინელებმა უნდა შევძლოთ ნაღმის აფეთქებების მერე ველზე ჩამოვლა და ცოცხლად დარჩენილების განადგურება – თქვა კაპიტანმა.
დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამას შეძლებენ. ომში გულჩვილობა სიკვდილის ტოლფასია. ეს მათ ძალიან კარგად ესმით და იციან. მაგრამ, კაპიტან შირიაევის მონაყოლმა სულ სხვა რამეზე ჩამაფიქრა … ჩინელებზე და ჩინურ არმიაზე.
„ჩინეთი რუსეთს აწვდის მისი სამხედრო ინდუსტრიისათვის საჭირო ჩარხების 70%-ს და კომპიუტერული მიკროჩიპების 90%-ს“ – განაცხადა ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ს ინდოეთ-წყნარი ოკეანეების საზღვაო ძალების სარდალმა, ადმირალმა სამუელ პაპარომ. – ჩინელი ოფიცრები და სპეციალური ძალების წარმომადგენლები რუსებთან ერთად იბრძვიან – უკრაინული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. რა გასაკვირია, განა მარტო კორეელები სწავლობენ ომს; ჩინეთიც ზუსტად იგივეს აკეთებს.
-ვთქვათ მოვიგეთ სავაჭრო ომი და წარმოებები გადმოვიტანეთ ამერიკაში; ვინ იმუშავებს ამ ახალ ქარხნებში? – ეს კითხვა აწვალებს ამ დროს გულუბრყვილო ადამიანებს; იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ტარიფების ომი სავაჭრო ომია და ეკონომიკურ კრიზისზე დარდობენ მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე დეკადაში პლანეტარული მასშტაბის ეგზისტენციალური კრიზისია მოსალოდნელი. წარმოიდგინეთ კურსკელი კორეელების მსგავსი რამდენიმე მილიონიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით კბილებამდე აღჭურვილი, შუასაუკუნეების პრიმიტიული გამძლეობის და სისასტიკის მენტალიტეტით მომზადებული არმიები და მიხვდებით რასაც ვამბობ.
ჩინეთმა ბრწყინვალედ გამოიყენა დასავლური გულუბრყვილობა; მოხერხებულად შეძლო უნატიფესი სტრატეგიული ტექნოლოგიების კოპირება და დახვეწა; შექმნა უძლიერესი სამხედრო ინდუსტრია და ერთ მუჭა ბრინჯზე მეოცნებე ნაციიდან ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ გიგანტად იქცა. ოღონდ, ეს გიგანტი სინამდვილეში უცბიერესი და უსასტიკესი მონსტრია; აღზრდილი ბოროტ და პრიმიტიულ იდეოლოგიაზე – ჩინურ კომუნიზმზე; რომელთან შედარებით რუსული კომუნიზმი კეთილშობილ ქალთა სასწავლებელს ჩამოჰგავს.
ჩინეთმა მხოლოდ ინდუსტრია არ გაიტანა დასავლეთიდან; თავისი საცეცებით გამომათაყვანებელი იდეოლოგიური შხამის ჩაშვებაც დაიწყო ამერიკულ-ევროპულ სხეულში. ამაში მას რუსეთიც ეხმარებოდა და ეხმარება.
ასე იქცა გაერო, მსოფლიო ბანკი, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, სტრასბურგის სასამართლო, ინტერპოლი და ა.შ. ჭრელი, საეჭვო პროფესიული კვალიფიკაციის, წარსულის, სოციალური წარმოშობის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებულ საერთაშორისო საზოგადოებებად.
2017 წელს, ჯანმო-ს არჩევნებში, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ დირექტორის კანდიდატად წარმოადგინეს ცნობილი ბრიტანელი ექიმი, დევიდ ნაბარო, მაგრამ მათი ხმები გადაფარული იქნა აფრიკულ-აზიური ბლოკის მიერ, რომლის სათავეშიც იდგა და დგას ჩინეთი და ჯანმო-ს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს არაექიმი, ფრიად საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან. საიდუმლოს არ წარმოადგენს არც ის ფაქტი, რომ არაერთმა დამკვირვებელმა ამ არჩევნებს უაღრესად ბინძური და მანიპულირებული უწოდა. ცხადია, ამოტივტივდა ბატონი ტედროსის ქვეყანაში მის “მიღწევების” შესახებ გაყალბებული სტატისტიკური მონაცემებიც; მათ შორის ეთიოპიაში ქოლერის ეპიდემიის სამჯერ აფეთქების სრული დამალვა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ბატონი ტედროსის კანდიდატურას თავად პატიოსანი აფრიკელებიც ეწინააღმდეგებოდნენ; მათ შორის არაერთი ოპოზიციური პარტია მისი სამშობლო ეთიოპიიდან, რადგან ტედროსმა კარიერა აიწყო ეთიოპიის კომუნისტურ პარტიაში, რომლის ერთერთი ლიდერი სსრკ-ელებისათვის კარგად ცნობილი მენგისტუ ჰაილე მარიამი გახლდათ. ამ პარტიამ მილიონობით დოლარი გაიღო ბატონი ტედროსის საარჩევნო კამპანიისათვის.
აქვე გავიხსენოთ ფატუ ბენსუდა, იურისტი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან, გამბიიდან, რომელსაც აშშ-მ ვიზაც კი გააუქმა და რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმეებს არჩევდა საერთაშორისო ტრიბუნალში. ქალბატონი ბენსუდა თავისი კარიერის დასაწყისში გამბიის სისხლიანი დიქტატორის იაჰია ჯამეის პირადი იურისტიც იყო და პროკურორიც.
ამას წინათ, ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ, თბილისის ცნობილი ამერიკული სკოლის კურსდამთავრებულმა და ბევრისთვის ცნობილმა სოცქსელებში, ამაყად გამოფინა ბენსუდასთან ერთად გადაღებული ფოტო.
– ჰოი, წმინდაო გულუბრყვილობავ! – აღმომხდა მაშინ საწყალი იან ჰუსივით; – შვილო, წაგიკითხავს მაინც ბენსუდას ბიოგრაფია? დღეს, „იმედში“ მომუშავე ჩერჩეტი დიქტორები თუ არ მიგაჩნია ღირსეულად, უსასტიკეს დიქტატორებთან იურისტებად და მინისტრებად ნამუშევარი ხალხი მიგაჩნია სანდოდ? …
დღევანდელმა დასავლურმა ლიბერალურმა საზოგადოებამ სრულიად დაკარგა რეალობის აღქმის შესაძლებლობა და გადაიქცა იმ დედაბერად, რომელმაც იან ჰუსის კოცონს შეშა დაუმატა რომ არ ჩამქრალიყო. იცოდა ჰუსმა, რომ ბოროტებით არ მოსვლია იმ დედაბერს; შტერი იყო უბრალოდ და ეგონა მართლა მტერს წვავდა.
რეალობის სწორი აღქმა სამაგიეროდ უკრაინელმა კაპიტანმა ისწავლა. იცის ოლეჰ შირიაევმა, თუ რას ნიშნავს აზიურ კომუნიზმთან იარაღით დაპირისპირება.
სხვებიც გაიგებენ …