ზურაბ გურული: ამიტომ ხოცავენ ჟურნალისტებს; ამიტომ ძალადობენ მათზე

“”მთავარი არხი” თანამედროვე საქართველოს ერთერთი მთავარი მემატიანეა. მის არქივებს მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულება აქვს. მეც მყავს ჩემი “მთავარი არხი”. პრაქტიკულად ყველა მათ ლოკაციაზე ვარ ნამყოფი. ყოფილი თამბაქოს ქარხნის მიტოვებულ ფლიგელშიც კი, სადაც ზაფხულში სიცხე მძვინვარებდა და ზამთარში სიცივე, მაგრამ მაყურებელს არცერთხელ არ უგრძვნია ჟურნალისტებისა და დამხმარე გუნდის არცერთი წევრისაგან არანაირი არაორდინალური დისკომფორტი. ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი სწორედ.
“მთავარი არხი” ჩვენი საზოგადოების სარკეა.
“სარკეში” კი ყველაფერი ჩანს. ისიც ჩანს, თუ როგორი ბითური ხარ და ისიც, თუ რატომ ხარ ბითური. კარგად იციან ეს ბითურების სულისა და ხორცის პატრონებმა და ამიტომ დაუღალავად უჩიჩინებენ და მოძღვრავენ ბითურთ: – დალეწე “სარკე”! –
დალეწე და დამშვიდდები. დამშვიდდები, რადგან ვეღარ დაინახავ “სარკიდან” მომზირალ საკუთარ თავს, რომელიც დაუღალავად გამუნათებს და გეუბნება: – ბითური ხარ! –
ჰოდა, ამსხვრევენ ბითურები “სარკეს”. “სარკე” მათ ფიქრს აიძულებს; ფიქრი საშიშია; ბევრს თუ იფიქრებ, მიხვდები, რომ შენი ბითურობა შენივე ბითური თავის ბრალია. და რომ მიხვდები, მერე საშველი აღარ გექნება, უნდა იშრომო, იბრძოლო; თავისუფლების ფასი ხომ სისხლი და ოფლია.
ამიტომ არ უნდა იფიქრო. “სარკე” შენს ხორცსაც ირეკლავს და სულსაც; ამიტომ ბითური ხორცის მმართველნიც და ბითური სულის პატრონნიც ერთნაირად ასწავლიან:
-დალეწე “სარკე”!-
და ლეწავენ ბითურები “სარკეს”.
ამიტომ ხოცავენ ჟურნალისტებს; ამიტომ ძალადობენ მათზე.
“სარკე” ჯადოსნურია ოღონდ; როცა და თუ დალეწავ, ყველა ნატეხიდან ახალი “სარკეები” გაჩნდება და ყველაში ერთად ისევ აირეკლება ბითურთა ბითურობა.
ისევ აღდგება “მთავარი არხი”. ისევ ააწყობენ ახალ კალეიდოსკოპს მისი ჟურნალისტები. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ოჯახების წევრებად იქცნენ უახლესი საქართველოს ძნელბედობისა და სიხარულის ყველა მომენტში.
ჩემი უპირობო თანადგომა მათ!” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .