: პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება ირანელი ხალხის მიმართ იმის ლოგიკური დასტურია, რომ სამხედრო ოპერაცია განვითარების პროცესშია. თუ და როცა დარტყმა განხორციელდება, ეს იქნება მაქსიმალურად მოულოდნელი და ელვისებური კომპლექსური საჰაერო ოპერაცია

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
საკალანდო ფიქრები ….
———————-
მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანისაკენ არის ამჟამად მიპყრობილი.
რას გადაწყვეტს ამერიკის პრეზიდენტი?
წინასწარმეტყველება ძნელია. ძნელია იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მონაცემებზე და შეიარაღებული ძალების მზაობაზეა დამოკიდებული. ამერიკულ სპეც-სამსახურებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ისრაელის დაზვერვაც. ნეთანიაჰუს შეიარაღებული ძალები ეჭვგარეშე მიიღებენ მნიშვნელოვან მონაწილეობას ამერიკულ დამრტყმელ ოპერაციაში, თუ და როცა ასეთი ოპერაცია განხორციელდება.
ინტენსიურად მუშაობს სპეციალური გუნდი. ვენესუელის ოპერაციისაგან განსხვავებით, მათ თვეები არ ჰქონიათ მოსამზადებლად; სიტუაცია ირანში საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა.
პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება ირანელი ხალხის მიმართ იმის ლოგიკური დასტურია, რომ სამხედრო ოპერაცია განვითარების პროცესშია. თუ და როცა დარტყმა განხორციელდება, ეს იქნება მაქსიმალურად მოულოდნელი და ელვისებური კომპლექსური საჰაერო ოპერაცია.
ცხადია, არაბული ქვეყნები არ იქნებიან ამ ოპერაციის მომხრენი, მაგრამ ვენესუელის ნავთობზე კონტროლის აღების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ნაკლებად მოწყვლადია არაბების მხრიდან და საერთოდ, ძნელი დასაჯერებელია რომ ტრამპი შეიხების ჭკუაზე გაივლის. ერთადერთი მიზეზი ოპერაციის არჩატარებისთვის, ამერიკული დაზვერვის დასკვნა იქნება. ეს დასკვნა კი დაემყარება ობიექტურ ანალიზს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ირანის არმიის ხალხის მხარეზე თუნდაც ნაწილობრივი გადასვლა, რათა ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა ფიზიკურად შეძლონ კბილებამდე შეიარაღებულ მილიონამდე რელიგიურ ფანატიკოს-ნაძირალასთან გამკლავება. თუ ამის თეორიული შანსიც კი არ არსებობს, მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შეუძლებელი იქნება სიტუაციის შეცვლა ირანის ქუჩებში. ასეთ შემთხვევაში ირანის არმია საგარეო მტერთან ბრძოლაში ჩაებმება და საერთოდ არ ეცლება თანამემამულეების დახმარებაზე საფიქრელად.
ლოგიკურად რომ გამოვითვალოთ, ირანელთა მინიმუმ 50% ბნელი ფანატიკოსია. დაახლოებით 20% ე.წ. ნეიტრალი იქნება, რომელიც თავს არ გაწირავს. რამდენად ეყოფა დარჩენილი 30% ის ფიზიკური ძალა რევოლუციური გვარდიის და შეიარაღებული ირანელი ტიტუშკების, ე.წ. ბასიჯების დამარცხებას, საკმაოდ ადვილი გასათვლელია; ცხადია რომ ვერ ეყოფა. იარაღს მხოლოდ იარაღი თრგუნავს, ან მნიშვნელოვანი რაოდენობრივი აღმატებულება. არცერთი ეს მონაცემი ამჟამად არ არსებობს.
მაშინ, ღირდა თუ არა ირანელების წაქეზება აჯანყებისათვის? თავად განსაჯეთ.
ჩემი აზრით ღირდა. ღირდა იმიტომ, რომ საბოლოოდ განისაზღვროს ირანელი ერის თვითგაწმენდის პოტენციალის არსებობა და ამ პოტენციალისათვის გარედან დახმარებით ამპლიფიკაციის ამპლიტუდა. თუ ეს ამერიკის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო, მომავალი ადმინისტრაციები პრაქტიკულად არასოდეს გადადგამენ ასეთ ნაბიჯს.
მაშინ ირანი დარჩება აიათოლების კერძად ისევე, როგორც ავღანეთი დარჩა თალიბებისთვის.
ერის თვითგაწმენდა მკაცრი და დაუნდობელი პროცესია. თუ ერის ნათელმა სპექტრმა ფიზიკურად არ აჯობა და დათრგუნა ბნელი სპექტრი, ერი ანტი-ცივილიზაციის მიმართულებით ივლის; ასეთია ისტორიის ულმობელი წესი და ამის ემპირიული მაგალითი ისტორიას საკმარისად აქვს ყველასათვის, მათ შორის ქართველებისათვის.