ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მეზობლად მცხოვრებლებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა

თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა. მისი თქმით, ცხოველში პიროტექნიკა სროლის ასოციაციას იწვევს, რის მიმართაც მათ განსაკუთრებული შიში აქვთ. მედიასთან მან განმარტა, რომ სტრესს ცხოველები სხვადასხვანაირად გამოხატავენ, ზოგიერთი იმალება, ზოგი იწყებს ვოლიერში გადაადგილებას, რა დროსაც შეიძლება ნებისმიერი შემხვედრი რამ გადაჯეგოს.
გურიელიძე ამბობს, რომ ორი შემთხვევა ჰქონდათ ცხოველის დაღუპვის, ორივეს შემთხვევაში დაიღუპა ახალგაზრდა გნუ, ერთი ინფარქტით, მეორე კი სხვა ცხოველებმა გადათელეს შეშინების დროს.
“ჩვენ ვთხოვთ, ძირითადად ჩვენ ასე ვთქვათ მეზობლებს, რომ არ გამოიყენონ პიროტექნიკური საშუალებები. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ზოოპარკია. თუ დაშორებულია და ახლოს არ იქნება, ეს გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემაა ჩვენი ცხოველებისთვის, თუმცა პრობლემა რჩება იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, ეს იქნება მიუსაფარი ცხოველები, თუ გარეული ცხოველები, თუნდაც პატარა ფრინველები და ასე შემდეგ”, – ამბობს გურიელიძე.
მისი თქმით, ახალი წლის დღეებში ზოოპარკში მობინადრე ცხოველებს ანტისტრესულ მედიკამენტებს აძლევენ, რაც ოდნავ ამსუბუქებს მდგომარეობას, თუმცა არ არსებობს წამალი, რომელიც ცხოველს შიშის გრძნობას გაუქრობს.