ზურაბ ბატიაშვილი: ცოტა მიწაზე დაეშვით და საქმე მიხედეთ! ბევრს არ მოვითხოვთ

“ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) მიზეზი, რის გამოც 1924 წლის აჯანყება დამარცხდა, მაშინდელ პარტიებს შორის მუდმივი კინკლაობა, ქიშპობა, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და შეუთანხმებლობა იყო, რამაც საბოლოო ჯამში ბოლშევიკების წისქვილზე დაასხა წყალი.
ერთმანეთის მიმართ მასეთი დამოკიდებულება ახლაც პრობლემატურია.
როდესაც ქვეყანას ვკარგავთ, კეთილი უნდა ინებონ პოლიტიკოსებმა (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება) და ცოტათი მაინც ადეკვატურები იყვნენ.
ყოველთვის თავს ვიკავებდი ოპოზიციის კრიტიკისაგან. იმიტომ კი არა, რომ გასაკრიტიკებელი არაფერია.
იმიტომ რომ პროცესი არ დაზიანდეს.
მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
აბა, ცოტათი გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს!
აბა, მზია ამაღლობელის თვალით შეხედეთ რას აკეთებთ!
აბა, საპატიმროში მყოფი სინდისის პატიმრების თვალით შეხედეთ თქვენ საქციელს!
აბა, საპროტესტო აქციებზე სიცივესა და წვიმაში საათობით მდგარი ხალხის თვალით შეხედეთ საკუთარ თავს!
რა დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ქარდების ომია?
რა დროს კინკლაობაა?
რა ვერ გაიყავით?
ცოტა მიწაზე დაეშვით და საქმე მიხედეთ!
ბევრს არ მოვითხოვთ. ერთობა და ქვეყნის ერთგულება დაანახეთ საკუთარ მოქალაქეებს და ჩვენ უცხოელ მეგობრებს!” – წერს სოციალურ ქსელში  ასოცირებული პროფესორი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.