პუტინის რეჟიმისთვის უკვე ჩვეულებად იქცა მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურება – რუსეთის სახელმწიფო სიკვდილის მანქანად იქცა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ციხეში გამომწყვდეული ნავალნი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა რუსეთის ხელისუფლებისთვის, უბრალოდ რუსეთში ადამიანების სიკვდილი ჩვევაში გადაიზარდა.
„რა თქმა უნდა, ალექსეი ნავალნის მკვლელობა არის პოლიტიკური მკვლელობა. პუტინის რეჟიმისთვის უკვე ჩვეულებად იქცა მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურება. ვიცით, რომ რუსეთში ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი და განსაზღვრული. ეს გარკვეულწილად პარანოიაშიც გადაიზარდა იმიტომ, რომ ციხეში გამომწყვდეული ნავალნი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა რუსეთის ხელისუფლებისთვის, უბრალოდ ადამიანების სიკვდილი გადაიზარდა ჩვევაში. რუსეთის სახელმწიფო სიკვდილის მანქანად იქცა. რეალურად, ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც ხოცავს როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთში ოპოზიციური ძალა არ არსებობს და, შესაბამისად, პუტინს ოპოზიცია პრობლემებს ვერ შეუქმნის.
ამასთან, ბატიაშვილის თქმით, რუსეთი არ ერიდება პოლიტიკური ოპონენტების ღიად მკვლელობას, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთაც.
„დიდი ხანია ოპოზიცია ვერანაირ პრობლემას ვერ უქმნის პუტინის რეჟიმს, ხალხის დიდი ნაწილი გაჩუმებულია, ზოგი შეგუებას ამჯობინებს, ზოგი ციხეშია, ზოგი უცხოეთშია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციამ პრობლემები შეუქმნას პუტინს. პუტინისთვის რეალური პრობლემა იქნებოდა ის, რომ უკრაინისთვის დასავლეთს მიეცა ისეთი სახის შეიარაღება, რომელიც უკრაინას ამ ომში გაამარჯვებინებდა.
რუსეთი არ ერიდება პოლიტიკური ოპონენტების ღიად მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ამას არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე აკეთებს, ლიტვინენკოს და სხვა შემთხვევებში ვნახეთ, რომ უცხოეთშიც აკეთებს ამას. ვხედავთ, რომ ამ ტერორიზმს ბევრ ქვეყანაში ახორციელებს“,- განაცხადა ბატიაშვილმა.