“ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება და მხარეები ინტენსიურად ბომბავენ ერთმანეთს. შესაბამისად, არის მსხვერპლიც და მომავალშიც იქნება.
თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება. ამ ომისთვის მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
ამიტომ დაბომბვებიც გაგრძელდება. ცხადია, უპირატესობა ისრაელის მხარესაა და ის მაქსიმალურად შეეცდება ამ უპირატესობის გამოყენებას. მაგრამ ამ მომენტისთვის ერთი საკითხი მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ომში, რომელსაც სწრაფად შეუძლია შეცვალოს ომის მიმდინარეობა.
ისრაელს არ აქვს GBU-57A/B MOP ბომბები (რომელიც ფოტოზეა), რომელიც საჭიროა ირანის მიწისქვეშ კარგად დაცული ბირთვული პროგრამისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად (არადა ისრაელის მთავარი მიზანი ხომ ამ ინფრასტრუქტურის მოსპობაა ამ ომში). ისრაელს არც ის თვითფრინავები (B 2) აქვს, რომელიც ამ 13,6 ტონიანი ბომბების გადასატანადაა საჭირო.
ისრაელს აქვს მხოლოდ 1 ტონიანი ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები, რომელიც წარმატებით გამოიყენა “ჰესბოლას” ლიდერ ნასრალას ლიკვიდაციის ოპერაციაში. მაგრამ ირანი სხვა შემთხვევაა. ეს ობიქტები უფრო ღრმადაა მიწისქვეშ (60 მეტრი და უფრო მეტიც, თან ბეტონის სქელი ფენები). ისრაელის საჰაერო დესანტის გადასხმაც შუა ირანში ძალიან სარისკო საქმეა.
ამისთვის ეფექტური ბომბები კი დედამიწის ზურგზე აქვს მხოლოდ შეერთებულ შტატებს, რომელიც არ ჩქარობს ომში ჩართვას. ტრამპს არ სურს დარტყმის ქვეშ დააყენოს ამერიკული ბაზები რეგიონში და სატელეფონო საუბრებს აგრძელებს ირანის მთავარ მოკავშირე პუტინთან.
შეძლებს თუ ვერა ისრაელი და მისი ლობი ტრამპის დაყოლიებას ირანის მიწისქვეშ განლაგებული ბირთვული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზემოხსენებული ბომბის გამოყენებაზე, ეს მგონია ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ ომში,” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.