ეს მორიგი სიგიჟეა, რადგან დიპლომატებზე ადგილობრივი კანონმდებლობა არ ვრცელდება – თუ უცხო ქვეყნის დიპლომატებს შეზღუდავ, ეს შენს დიპლომატებზე აისახება უცხოეთში და მიუთითებს, რომ პრიორიტეტი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა უცხოური ქვეყნების ელჩებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატებს ვენის კონვენცია იცავს.
გარდა ამისა, ბატიაშვილის განცხადებით, „თუ საერთაშორისო იზოლაციის მოხსნა გსურს, დანარჩენი ცივილიზებულ სამყაროსთან ცივილიზებულად უნდა მოიქცე და „თანამედროვე მსოფლიოში რაღაც ველური კანონებით მოქმედება არ შეიძლება“.
„მგონია, რომ ეს მორიგი სიგიჟეა მათი შესრულებით, რადგან დიპლომატებს, ზოგადად ვენის კონვენცია იცავს და ეს ყველა დიპლომატზე ვრცელდება. ადგილობრივი კანონმდებლობა მათზე არ ვრცელდება. დიპლომატიური ხელშეუხებლობა და იმუნიტეტი ამას მოიცავს. აქედან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ წარსულს უნდა სცე პატივი, რომ მთლად ველური არ გამოჩნდე. ზიმბაბვე და მოზამბიკიც კი არ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ უცხო ქვეყნის ელჩების მოქმედებები შეზღუდონ. არ ვიცი, რა გულისხმობენ, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ არიან დარჩენილები პროფესიონალები, რომელთა გაშვებასაც აპირებენ თავიანთი პარტიული ლოიალობიდან და არალოიალობიდან გამომდინარე. სანამ გაუშვებენ, შეუძლიათ, ამ მცოდნე ხალხს კითხონ, რა არის ვენის კონვენცია. ამ უარყოფითი სელექციიდან გამომდინარე, ელემენტარული რაღაცების შესმენაც კი შეუძლებელია ვინმესთვის. ვის და რა კანონი დაესიზმრა, არ ვიცი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
გარდა ამისა, ზურაბ ბატიაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ელჩები USAID-ს მხრიდან ფინანსდებოდნენ და აღნიშნა, რომ თუ მმართველი პარტიის წევრები „აშშ-სთან ჭიდაობას და რქებით მიწოლას აპირებენ, მათთვის აქედან კარგი არაფერი გამოვა“.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ უცხოელი დონორების თანხები „საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს“ ემსახურებოდა, ბატიაშვილი ამბობს, რომ „ეს უბრალოდ პროპაგანდაა“.
„ეს მორიგი სიგიჟეა. წინა წლებშიც არაერთხელ ვნახეთ – საქმეები აღძრეს, მათ შორის სუს-ის ჩართულობით, მაგრამ რომელიმე საქმე ბოლომდე მიყვანილი, ვითომ გადატრიალების თაობაზე, გინახავთ? ეს უბრალოდ პროპაგანდაა და მეტი არაფერი. არავინ ჩაერევა შენი ქვეყნის საქმეებში, უარყოფითად, რუსეთის გარდა, თუ შენ თვითონ თავზე არ დაიმხე ყველაფერი, რაც გარე სამყაროსთან გაკავშირებს. ეს არის მორიგი მცდელობა, იზოლაციაში მოაქციონ საკუთარი ქვეყანა. რეალობა ასეთია დიპლომატიაში – შენ თუ უცხო ქვეყნის დიპლომატებს შეზღუდავ, ეს შენს დიპლომატებზე აისახება უცხოეთში. ესენი ამას, როგორც ჩანს, დიდად არც ნაღვლობენ. ბევრ ქვეყანაში ელჩიც არ ჰყავთ დანიშნული. ეს მიუთითებს, რომ ამათი პრიორიტეტი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა. შეიძლება, [ურთიერთობის] დონის დაწევამდე მივიდეს. თუ აქ ელჩს პრობლემას უქმნი და გადაადგილების და თავისუფალი შეხვედრების მოწყობის საშუალებას არ აძლევ, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ეს ამ ქვეყანაზე კარგად არ აისახება. ეს სიგიჟეები პირდაპირ ქვეყანაზე აისახება. რა ინვესტიციები უნდა შემოვიდეს? რომელიმე ქვეყანას რომ ერჩი და იმ ქვეყნის ბიზნესმენებს ესაუბრები, რომ აქ ინვესტიციები განახორციელოს, ხომ არასერიოზულია? თუ ამა თუ იმ ქვეყნის ელჩს ერჩი, ნიშნავს, რომ იმ ქვეყანას ერჩი. თუ ერჩი ელჩს, რაღა ტურისტების მოზიდვაზე საუბრობ? რა საერთაშორისო იმიჯი გინდა შეიქმნა, როდესაც ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებს ერჩი?“, – აცხადებს ბატიაშვილი.
გარდა ამისა, ბატიაშვილი პარალელს ავლებს სლოვაკეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ მსგავს განცხადებებთანაც და ამბობს, რომ ეს განცხადებები რეალურად „მოსკოვშია დაწერილი“.
რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, ამერიკული „ფარა“ გადმოთარგმნოს, ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ვერ გადატვირთავს.
„ამათ ხომ სულ შეთქმულებები ელანდებათ, მულტფილმში რომაა, სულ ვირთხები და ვირთხები მესიზმრებაო, ასეა მათი საქმე. „ფარას“ კანონი მე-10 საუკუნის 30-იანი წლების კანონმდებლობაა და მასში ცვლილებების შეტანა საჭიროა. ამერიკაშიც და ყველგან, კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვთ ხოლმე. აშშ-ს თავის კანონმდებლობაში ცვლილებები იმის მიხედვით არ შეაქვს ხოლმე, კობახიძე რას იტყვის. აქედან გამომდინარე, „ფარას“ კანონის გადმოღება იმიტომ უნდათ, რომ ვითომ ამერიკელებთან დალაგების პოლიტიკას ატარებენ, თავიანთი გადმოსახედიდან. ეს არასწორი მიდგომაა. თუ აშშ-სთან ნორმალური ურთიერთობა სურთ, ასე არ ხდება. თუ ჰგონიათ, რომ იტყვიან – დედა დედაა და მამა მამაა და ამის გამო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დალაგდება, ცდებიან“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ანალიტიკოსი ასევე, გამოეხმაურა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტში ირაკლი კობახიძის მონაწილეობას. მისი თქმით, სამიტზე ყველაა მიწვეული, „ქართული ოცნება“ კი „ყველგან მიდის“.
„კობახიძე კი არა ღარიბაშვილი მიიწვიეს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არასერიოზულად გამოიყურება საერთაშორისო არენაზე საქართველოს ე.წ. ხელისუფლება. რაც შეეხება იმას, რატომ მიიწვიეს, იქ ყველაა მიწვეული. ესენი, უბრალოდ ყველგან მიდიან. უკვე მეორე წრეზე წავიდნენ. ცოტაა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მათ ჩაესვლებათ, ამიტომ, უკვე მეორედ უწევს გაერთიანებულ საამიროებში სიარული. ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, გაერთიანებულ საამიროებში – ამ წრეზე ვიტრიალებთ. ეს იქნება, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში. ევროპულ ქვეყნებში, ამათ არავინ ელაპარაკება, არც აღიარებენ. მიუნხენის კონფერენციაზეც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია მიწვეული და „ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი არ არის“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
