ზურაბ აზარაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქუთაისში, დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება.
ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.
„ნიკეას ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სამი კორპუსის კარკასის მშენებლობა, თითქმის, დასრულებულია. სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-მდე ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს.
მასშტაბური მშენებლობები პარალელურად, საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.