იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, რაღაც კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, იქაც მკვეთრი იყო ფასების ზრდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეთანხმებული ქმედების გამო 4 ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განცხადებითვე, არის კიდევ ახალი დამატებითი ტენდენცია, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ.
„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა. რაღაც კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, იქაც მკვეთრი იყო ფასების ზრდა. ახლა კიდევ დამატებით ტენდენციაა, სამწუხაროდ, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. იმიტომ, რომ მოსახლეობას იმ შემცირებული მედიკამენტების დანახარჯების ფონზე, მაინც მოუწიოს ასეთ დანამატებზე, სხვა მედიკამენტებზე და მსგავს ვიტამინებზე ფასების გადახდა. თუმცა ამაზეც გვექნება და გვაქვს ყოველთვის მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, საქართველოში ამ მხრივ ბაზარზე ისეთი მოწყობაა, რომ სულ რამდენიმე კომპანიაა დომინანტი და მსგავსი რამ არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება.
„სამწუხაროდ, საქართველოში ამ ბაზარზე ისეთი მოწყობაა, რომ სულ რამდენიმე კომპანიაა დომინანტი, როგორც ჰოლდინგურ ნაწილში. ასეთი სამწუხარო მოწყობა არ შეგხვდებათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, სადაც იმპორტიორი, დისტრიბუტორი, „რითეილერი“, კლინიკა, სადაზღვევო და მწარმოებელი ერთი იყოს. შეგიძლიათ მოძებნოთ და მაცნობოთ ასეთი მსგავსი ფაქტი, ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ვერსად ვერ ვნახეთ. ამ ჰოლდინგური კომპანიების პირობებში ოპერირება და მონიტორინგი გვიწევს, რაც საკმაოდ რთულია. ეს კომპანიები, ჩვენი გამოვლენილი და კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურებული ფაქტის საფუძველზე, სამწუხაროდ, ძალიან მარტივად ახერხებენ იმას, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წამალზე ნებისმიერი ფასი დააწესონ. სამწუხაროდ, იმ შემთხვევებში სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, რომ ეს უსამართლოდ გაზრდილი ფასები აენაზღაურებინა და გადაეხადათ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.