ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ [ლუკა ძაძამიას გადაწყვეტილებას] და ადამიანს მივცეთ საშუალება იცხოვროს წყნარად და მშვიდად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ლუკა ძაძამიას მიერ თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ლუკა ძაძამია არის „ერუდირებული, აღზრდილი ადამიანი და მისი გადაწყვეტილება პატივსაცემია“.
„ჩვენ გვქონდა საშუალება თვითონ ლუკასგან მოგვესმინა, რა იყო საკრებულოს დატოვების მიზეზი და ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭმა თვითონ ძალიან კარგად განმარტა, რატომაც დატოვა საკრებულო. მას წარმატებებს ვუსურვებ იმიტომ, რომ ამ ასაკში ასეთი წარმატებები აქვს და შეიძლება მომავალში კიდევ ბევრი ჰქონდეს. ის არის საკმაოდ ერუდირებული, აღზრდილი ადამიანი და მისი გადაწყვეტილებას ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ და ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად.
მან უბრალოდ თქვა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა, ბოლო პერიოდში, საკმაოდ სერიოზული შეურაცხყოფა, ბულინგი ინტერნეტ სივრცეში და ამის მომსწრე თითოეული ჩვენგანი ვართ, ვინც ამით დაინტერესებულია და სიამოვნებს ამის კითხვა, ალბათ ამას ადევნებს თვალყურს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება ვიდეო-კადრებს, სადაც ჩანს, რომ ლუკა ძაძამია საპროტესტო აქციაზე იმყოფება და რაზეც თავად ძაძამია განმარტავს, რომ ეს კადრები „2024 წლის არაა, ის არის 2022 წლის ბოლოსა და 2023 დასაწყისს შორის არსებული პერიოდი“, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს: „ჩვენ ხომ არ ვიცით ლუკას ემოციები, როგორ ხელმძღვანელობდა მაშინ?“.
„რა პრობლემაა? ისეთ რაღაცებზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელსაც ემოციებით უნდა მივყვეთ და ჩვენ ხომ არ ვიცით ლუკას ემოციები, როგორ ხელმძღვანელობდა მაშინ? ამაზე თვითონ უნდა ისაუბროს და მერე მისი დამოკიდებულების შეცვლა, ეს არის მისი პირადი საქმე, ისე როგორც შეიძლება პირადი სივრცე არსებობდეს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებებია და ადამიანს, რადგან მოხვდა საჯარო სივრცეში, მოუწია ამაზე კომენტარების კეთება, თორემ ჩვენ შეიძლება ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებდეთ, ვცვლიდეთ და ამაზე საზოგადოება არ იყოს დაინტერესებული. ეს ის შემთხვევაა, როცა ვინტერესდებით, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პირადი საკითხია და ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ლუკამ მიიღო გადაწყვეტილება ერთხელ, მერე თავისი გადაწყვეტილება გაიაზრა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ამ ყველაფერს და ადამიანს მივცეთ საშუალება იცხოვროს წყნარად და მშვიდად“,- განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ წევრს, ლუკა ძაძამიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ლუკა ძაძამიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
21 წლის ლუკა ძაძამია საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.




