ზურაბიშვილი ჯაფარიძეზე: განაჩენი დღეს გამოტანილი, არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“

„განაჩენი დღეს გამოტანილი, არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავეაბს. ვიდეო მიმართვაში ის ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური საქმე და ნიშანი იმის, რომ იწყება პოლიტიკური თავდასხმა ოპოზიციის ლიდერებზე.

ზურაბიშვილის განცხადებით, ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ რეპრესიებს მიმართავს, თვითონაა განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს.

„დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე „ქართულ ოცნებისთვის“. ის რაც მოაწყვეს, ეს პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად არავის შეშვება, [სხდომის] გადატანა პატარა დარბაზში, ყველაფერი ის, რაც სცადეს დღეს იმისთვის, რომ ეს ბოლოს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ იცოდა წინასწარ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო.

არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, რაც არის მეორე მხარე. ერთის მხრივ, გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომლებიც დღეს ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის, ახლა შემდეგი ეტაპია, რომ ასევე შეეხოს ეს პოლიტიკურ ლიდერებს. ამისთვის იყო შექმნილი ეს საგამოძიებო კომისია, არა იმისთვის, რომ გამოიძიოს რაღაც წინა რეჟიმის დანაშაულები, არამედ იმისთვის, რომ საშუალება გამხდარიყო, რომ დაეჭირათ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ, რომ დაინახონ ციხეში. სამარცხვინოა ეს „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, რომ აღარ იციან რეპრესიები საითკენ და სადამდე წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ რეპრესიებს მიმართავს, თვითონაა განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს.

გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილი, არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.


„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. ჯაფარიძეს ბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს.

ჯაფარიძეს სასამართლომ „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

წყარო