ზურაბიშვილი: ჩვენი პასუხი “ოცნების” ქმედებებზე ერთია – ერთობა

რუსთაველზე აქცია ლოზუნგით “საქართველო, დადექი!” მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით წარსდგა სალომე ზურაბიშვილიც.
მისი თქმით, საზოგადოების პასუხი “ქართული ოცნების” ქმედებებზე უნდა იყოს ერთობა, მისივე თქმით, რადგან ხვალინდელი გეგმა ერთობაა.
“7 თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფრით ვერ დააშინეს და შეასუსტეს. რეჟიმი ვერ იმარჯვებს – ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე სწორედ ერთია, მხოლოდ ერთი – ეს არის ერთობა, სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ.
შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა ერთიმეორისადმი, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა იმისთვის, რომ ვიღაცები ჩამოიშორონ. გაუგებარი მდგომარეობაა მათთვის, მაგრამ ჩვენთვის გასაგები. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებისგან და დანარჩენი მსოფლიოსგან სრულად იზოლირებულია.
“რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, სჭირდებათ გამოაჩინონ ვითომ რაღაც ძალა. ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალ რეპრესიულ კანონებს, ახალ ჯარიმებს, დაპატიმრებებს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია – ამით ძალას ვერ იბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია. ერთადერთი, რაც დარჩათ, ის არის, რომ საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში არიან, ვერავის შეკრებენ საკუთარი ნებით, სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან. არავინ ხვდებათ და უნდათ, შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოს გახსნისა, იმისთვის, რომ აჩვენონ ვითომ რაღაც კავშირები გააჩნიათ – არა! არანაირი!
აგერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და არც გამოუხედია ამათკენ – ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა. ეს არის სისუსტე. ეს არის ამათი დაშლა, ჩამოშლა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე, ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეცეს საშუალება, თავიანთი სისუსტე და დაშლა ოპოზიციის შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ.
“თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებიან, უნდათ, რომ ჩვენ დაგვასუსტონ. როგორ გვასუსტებენ – ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა ის, რომ დღემდე არსებობს მიუხედავად იმისა, რასაც ცდილობენ ღია თუ ფარული ხერხებით. ჩემ დისკრედიტაციას ცდილობენ – არა უშავს, ესეც არ გამოუვათ. არაფერი აღარ გამოუვათ, თუ ყველა ერთად ვიქნებით. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა. ერთობა არის გამარჯვება. გასაგებია, რომ სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს, მათ შორის უნდა იყოს დისკუსია, მაგრამ სადაც ერთობაა, იქ ვარ მე და არსად სხვაგან! ხვალ ვიქნები იქ, სადაც ჩვენი, ყველას ერთობა იქნება.
ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ კიდევ რამდენიმე დღეებს თუ კვირებს, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ!” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.