საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოდ აფასებს ირაკლი კობახიძის წერილს დონალდ ტრამპისადმი.
ის საზოგადოებას მოუწოდებს, წაიკითხონ ეს წერილი, რომელსაც, ზურაბიშვილის შეფასებით, არც პროტოკოლია დაცული და არც მეგობრული ურთიერთობების ნიშანი არ გააჩნია.
„არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება იმის მიმართ, რომ, ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ვერც „MEGOBARI აქტის“ შედეგებს დაალაგებს. ცხადია, რომ უკვე ძალიან დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ წრეში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის აზრით, დონალდ ტრამპს ალბათ დღეს ნაკლებად სცალია კობახიძის წერილის წასაკითხად, თუმცა ვინც წაიკითხავს, გაოგნებული დარჩება აშშ-ის დახმარებისადმი გამოხატული უმადურებით.
დღევანდელ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე დაგმო ძალადობა ქალი აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ და თქვა, რომ „ეს არის გამოხატულება, რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა რეჟიმი“.
„ცივილიზებული ფორმები საერთოდ დაკარგული აქვთ. ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის. ეს ხდება მაშინ, როდესაც ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა, დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა მოკრიმინალო ელემენტებისგან, რომლებიც გაშვებული ჰყავთ ქუჩაში და კარტ-ბლანში აქვთ მიცემული. ეს ისეთი რამ არის, რაც შეიძლება ყველა მოუბრუნდეს ერთ დღეს. როცა ქვეყანა უმართავი ხდება, მერე მისი დალაგება ძალიან რთულია“, — განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების „მსუბუქ რეაქციებს“ მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოჩენაზე.
„გენპროკურორს გააჩნია ბევრი, თუ არა სრული ინფორმაცია ქვეყნის შესახებ და მისი გადაბარება, პუტინის გვერდში დგომა ნიშნავს, რომ მასთან ერთად რუსეთში გადავიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია საქართველოს შესახებ“, — განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების სამსახურები ფარცხალაძის მიმართ გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ.
„ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა ოთარ ფარცხალაძის ფოტო, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე არის გადაღებული. მანამდე მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრმა მამუკა ფიფიამ „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე აღლუმზე არის მიწვეული.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს წევრია. 2021 წლის აპრილიდან ასევე არის რუსეთის კომუნისტთა კავშირის რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი.
„საქმიანი რუსეთის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პორტფოლიოს თანახმად, ოთარ ფარცხალაძის საზოგადოებრივი საქმიანობა მოიცავს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა შესაძლო ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებას, „რუსეთსა და საქართველოს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი აღდგენის მიზნით ყველა იმ ბიზნესპროექტით, როგორიცაა, მაგალითად, პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა“.
ამასთან, ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ფარცხალაძე ავითარებს ფინანსურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას BRICS+-ის წევრ ქვეყნებს შორის; არის სახალხო მოძრაობა „რუსი ქართველების“ დამფუძნებელი, რუსეთსა და საქართველოს შორის მრავალი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და კონფერენციის ორგანიზატორი, რასაც თან ახლდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმი.
