საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საჩივარი შეიტანა და გამოძიებას ითხოვს.
პრეზიდენტი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ოცნების ტიტუშკებმა კვერცხები ესროლეს, მომხდარს ორგანიზებულ ძალადობას უწოდებს.
“ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულს და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება – ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში, იმიტომ რომ იმ დროს, როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში, თუ მანამდე აშშ-ში, თუ პარიზში, ეს მათი რეაქციაა მხოლოდ პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა. […]
რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება სიტყვა არ მიყვარს მათ შემთხვევაში, იმიტომ რომ აღარ არიან ხელისუფლება, ეს არის რეჟიმი და რა სისუსტეს ავლებს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად – კარგი, ნუ მცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასე იქცევი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, არ ვიცი, რისი ნიშანია. ამიტომ, ჩემი დღევანდელი მოწოდებაა საზოგადოების მიმართ, რომელიც ღელვას და გასაგებია, რომ ღელავს, იმიტომ რომ რაღაც არის, რაც არავინ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. ჯერ მინდა, მადლობა ვუთხრა საზოგადოებას გამოთქმული სოლიდარობისთვის, ასევე პარტნიორებს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
***
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ოცნების პროპაგანდისტებმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა ოცნების პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელში გუშინ დააანონსა.
