საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა le monde-სთან ინტერვიუში უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ შეკითხვას და ყურადღება გაამახვილა სააკაშვილის პოლიტიკურ მიზნებზე.
“შემიძლია დაგამშვიდოთ, ის ამბობს, რომ უკეთაა, მან გახსნა არჩევნებისთვის პოლიტიკური ოფისი. ის კლინიკაშია მოთავსებული. მას ორი სასამართლო პროცესი აქვს წინ. უცხოეთში წასვლის ნაცვლად, ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების განზრახვას ავლენს. მეტი კომენტარი არ მაქვს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანია და რეგიონებში შეხვედრები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ “ამომრჩევლების დიდი უმრავლესობისთვის სასურველია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს მიხეილ სააკაშვილი”. მისივე თქმით, პარტიის გადაწყვეტილებას საზოგადოება 23 ნოემბერს გაიგებს.
მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს – ის საქართველოს მოქალაქე არ არის. ამჟამად იგი უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილს 2015 წლის დეკემბერში შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა, მალევე მას შემდეგ, რაც მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ “არა და არასდროს” შეიწყალებს მას. მოგვიანებით პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისთვის “ელექტრონული სამაჯურის” გაკეთების ინიციატივა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს – მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.