ზურაბიშვილი: რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნა. უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს. სწორედ ამ საკითხით დაიწყო მან თავისი სიტყვა.
„პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით! 2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა”, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა მოხსენების პირველ ნაწილში ში ს სამხედრო აგრესიის შესახებ ილაპარაკა და საქართველოს მიმართ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე გააკეთა აქცენტი.
„გამოწვევები შეეხო უსაფრთხოების სფეროს: უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომი გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა, მეტიც, ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებები ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
„რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება”, – აღნიშნა მან.
საქართველოს პრეზიდენტი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს. მან აგრეთვე მიუთითა რუსეთის ჰიბრიდულ სტრატეგიაზე.
„საოკუპაციო ხაზთან კი გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ სთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პარლამენტში სიტყვით გამოვლენ ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.