საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების თემა ბრიუსელიდან არ მომდინარეობს და „ქართული ოცნების“ დაშინების კამპანიის ნაწილია.
იმ შემთხვევაში, თუ ვიზალიბერალიზაცია მაინც შეჩერდება, ზურაბიშვილის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება.
„ვიზალიბერალიზაციის თემა რეჟიმის მიერ გამოყენებულია დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი დაგრჩებათ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და ევროპული დედაქალაქებიდან, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც ისინი წუხან. ეს არის მათი მიზანი და პირდაპირი გაგრძელება 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე. ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსეთის პოლიტიკა. რეჟიმი ცდილობს, ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში, ვიზალიბერალიზაციის გარეშე“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „თუ არსებობს რეალური გზა, რითაც შეგვიძლია ხვალ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შემოვიერთოთ“, არის სწორედ ევროპაში შესვლით და არა მისგან ჩამოშორება.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ როდესაც მოქალაქეობის საკითხებზე მუშაობდა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა ჰქონდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების ინიციატივა ჰქონდა.
„ვცდილობდი მიგვეღო გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ძალიან მარტივად აღგვედგინა საქართველოს მოქალაქეობა აფხაზეთში და ცხინვალში რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. იყო მოთხოვნა ამ რეგიონებიდან, რადგან რუსეთში სანქციებმა ისინი ჩამოაშორა მსოფლიოს. ვერცერთი სტრუქტურისგან თანხმობა ვერ მივიღე“, — თქვა ზურაბიშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგზე მან ასევე გამოხატა აღშფოთება აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში გაძლიერებული რეპრესიების გამო და გაავლო პარალელი რუსეთთან, რომელსაც სადღესასწაულო დღეებშიც აგრძელებს უკრაინის დაბომბვას.
„ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე იქცევა… უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით. ამისთვის გამოყენებულია ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვით, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს. ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმის, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს საქართველოს და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ. მათი კომენტარები მოჰყვა რადიო თავისუფალი ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სტატიას, ევროკავშირი რამდენიმე თვეში მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
იანვარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ტალინი საქართველოსთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს აყენებს.
საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არაა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი, რომელზეც ევროკავშირი ბოლო წლებია მუშაობს. ცვლილებების მიხედვითაც, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:
· როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი, და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან;
· ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
· ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.
· უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველია უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).
