ზურაბიშვილი პარლამენტთან: გამარჯვება არც შიმშილობით, არც არჩევნებით – მხოლოდ ერთობით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, , პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როგორც ერთადერთ გზას რეჟიმის დასასრულებლად. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ უკვე დაწყებულია დაშლა და ოპოზიციამ არ უნდა მისცეს მათ შიდა დაპირისპირებებით სიტუაციის გადაფარვის შესაძლებლობა.
„გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ არ უნდა გაჩნდეს მოლოდინი, თითქოს რეჟიმის ძალის დემონსტრირება რეალური ძლიერების ნიშანია: „ეს არის მათი ბოლო სტადია. არავისთან აქვთ კავშირი, სრულ იზოლაციაში არიან როგორც საზოგადოებიდან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან.“
პრეზიდენტმა თქვა, რომ რეჟიმის ერთადერთი მიზანი დარჩა – ოპოზიციური ძალების და საზოგადოების დემორალიზება. „თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებიან, უნდათ, რომ ჩვენ დაგვასუსტონ. ცდილობენ პარტიების შიდა დაპირისპირების გაღვივებას, ლიდერების ჩამოშორებას,“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ თავადაც დისკრედიტაციის მცდელობების სამიზნე გახდა, თუმცა, მისივე თქმით, „ესეც აღარ გამოუვათ“.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვან იმედგაცრუების ჩაბუდება და გაუძლონ მიმდინარე პროცესებს:
„ვძლიერდებით ჩვენ, იშლებიან ისინი. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა. სადაც ერთობაა, იქ ვარ მე – და არსად სხვაგან,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.