ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით მომავალ წელს “გადამწყვეტი ნაბიჯები” იქნება

საქართველოს პრეზიდენტი, იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ წელს “გადამწყვეტი ნაბიჯები” გადაიდგმევა მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. ამის შესახებ მან ზუგდიდში ისაუბრა, სადაც “მართლმსაჯულების სახლის” პრეზენტაციას დაესწრო.
“მართლმსაჯულება არის, ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს, მისი არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. არა ეკონომიკური და არა ყოფითი საკითხები, უფრო უსამართლობა. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს… რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის [კანდიდატის] სტატუსის, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ეს არის სამართლიანი სახელმწიფო და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვისწრაფოდეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოსკენ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ცხრა დათქმას შორის მეექვსეა ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება – მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით.