საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის მოამბის წამყვანობის შეჩერების შესახებ კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მაგალითია.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
“ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვი-ჩიქოვანის მოამბის წამყვანობის შეჩერების შესახებ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, რომელიც დაცული უნდა იყოს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თქვა, რომ 18:00 საათიანი მოამბის წამყვანი აღარ არის.
მისი თქმით, მენეჯმენტმა აცნობა, რომ 4 თებერვლიდან – “არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება მოამბეს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება”.
მისივე თქმით, მენეჯმენტმა ამის მიზეზად დღევანდელ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მოამბის პროდიუსერების განცხადება დაასახელა, რომლებმაც დღეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
30 იანვარს მოამბის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენა ვასილ მაღლაფერიძეს აქვს.