ზურაბიშვილი: ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული ქარტიის ფარგლებში მან ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პარტიებმა, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს, კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ თავიანთი მზაობა და თქვან ეთანხმებიან თუ არა ქარტიის ამ პუნქტს.

“ვაპირებ რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, რომელიც ასევე საზოგადოებისთვის 26 მაისს მქონდა წარდგენილი – რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა ისევე მანდატები არ გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ გარდამავალ ეტაპზე, და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი იმაზე რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და მიგვიყვანოს ევროპის კარებთან.
ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ ამ ქარტიის გზაზე…

დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ამ ქარტიის არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი, არამედ მისი ყოველივე სიტყვის… ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ უკან წაიღონ ხელმოწერა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.