ზურაბიშვილი: დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავსა და ქვეყანას გამოუტანა

საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ საკუთარ თავს, ქვეყანასა და ყველა ინსტიტუტს განაჩენი გამოუტანა.
ამასთან პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი ლეგიტიმური ინსტიტუტი – არა პარლამენტი, არა საკონსტიტუციო სასამართლო და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუტებისა, რომელიც დამოკიდებულია ერთპარტიულ წყობაზე.
“დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს – არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის ს არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
გადაწყვეტილება შემდეგი შემადგენლობის პლენუმმა მიიღო: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა , ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში.
განსხვავებული აზრი ორმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირეს.
გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხებოდა, თეიმურაზ ტუღუშმა კი კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
***
19 ნოემბერს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამავე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.