საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოში ფსიქიატრიული დაწესებულება “ტერორის ახალი ინსტრუმენტია”.
“საქართველოში ტერორის ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ. ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია: ნინო დათაშვილი, აქტივისტი, მასწავლებელი და მარტოხელა დედა, 20 ივნისს დააკავეს. დღეს “სასამართლომ” მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ბრძანა!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მათივე თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ თუ დათაშვილი უარს განაცხადებს აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებაზე, ეს პროცესი იძულებითი ღონისძიებების საშუალებით მაინც განხორციელდება. ანუ სასამართლომ, დათაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, გასცა ნებართვა, გადაიყვანონ აქტივისტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
