საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს მიერ, საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების ფონზე, სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024-ის განუსაზღვრელი ვადით გადადებასა და ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ქართული ოცნების ანტი-დასავლური რიტორიკისა და ქმედებების შედეგია.
“ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული?” – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
“აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა.
ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.
პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვისდა არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდ ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება).
ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან!
ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული?”
რატომ? … და ამიტომ!!” – წერს ზურაბიშვილი.
5 ივლისს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების ფონზე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024. ღირსეული პარტნიორის სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს ისაუბრა.