საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ადგილობრივი არჩევნების დანიშვნის ფონზე არსებულ გარემოებებს „გაუგებარსა და საკვირველს“ უწოდებს.
„ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, ჩემთვის ცოტათი გაუგებარი და საკვირველია. როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, რომ არავის შეიძლება ჰქონდეს ნდობა სასამართლოს მიმართ — მით უმეტეს იმის მიმართ, რომ ეს სასამართლო რომელიმე დავას რომელიმე პარტიის სასარგებლოდ გაამართლებს. თუ ვინმეს ამის სჯერა, მაშინ უკვე მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ,“ — ამბობს ზურაბიშვილი.
ექსპრეზიდენტი განსაკუთრებით საგანგაშოდ აფასებს მედიაგარემოს გაუარესებას და მარეგულირებელში შეტანილ ახალ სარჩელს, რომელიც, მისი შეფასებით, ცენზურისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნებისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან ნელ-ნელა არა მხოლოდ იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. დღეს შემოტანილია სარჩელი მარეგულირებელში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების ძალიან დიდი შეზღუდვა, რომელიც მე არსად არ მინახავს და რომელმაც შეიძლება განაპირობოს მომავალში ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება. ამიტომ, ეს არის ძალიან სერიოზული,“ — აცხადებს ზურაბიშვილი.
