ზურაბიშვილის თქმით, „რეჟიმზე გამარჯვება არ მოვა არც არჩევნებში მონაწილებით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, მხოლოდ ერთობით“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით „საქართველო დადექი“ შეკრებილ მოქალაქეებს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლა ერთობის მნიშვნელობაზე იყო აგებული.
იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც განცხადება გააკეთა, მის უკან სცენაზე იდგნენ ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები. მათთან ერთად იყო კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც მესამე დღეა შიმშილობს:
„პასუხი ყველაფერზე არის ერთობა. ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება რეჟიმზე არ მოვა, არც არჩევნებში მონაწილებით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა, ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი ვერავინ შეიტანს ამაში რამე უთანხმოებას…..
გასაგებია, რომ სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს და ამ აზრებს შორის უნდა იყოს დისკუსია და თუ მე მეკითხებით, ნუ მეკითხებით იმ თუ ამ შემოგდებულ თემებზე“.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი და სტრატეგია — საზოგადოებრივი კონსოლიდაციის შერყევაა; მან მოუწოდა საზოგადოებას, თავი აარიდონ „ქართული ოცნების“ „გამოგონილი დღის წესრიგით“ მანიპულირებას, ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს პირადი პოლიტიკური ამბიცია.
„ჩემი პასუხია, სადაც ერთობაა იქ ვარ მე და არა – სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ.
მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა. მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მემგონი ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ იმათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტზე და თავიანთი დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და ჩვენ გავძლებთ ის რამდენიმე დღე თუ კვირები, რაც გვაშორებ გამარჯვებას.
იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ მადლობა თქვენ“.
ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი მოქმედებები აღარ ემყარება სტაბილურ ძალაუფლებას და გადადის დამცავ და თვითლეგიტიმაციის რეჟიმში:
· შიდა დაპირისპირებები და გადაჯგუფებები პარტიაში;
· პოლიტიკური ფიგურების ჩამოშორება;
· კორუფციულ თემებზე საჯარო გამოძიებები.
„რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ეს ხომ ჩანს ყველასი აქ ერთად დგომით?! ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ და ზეგ ერთობა, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ შედეგს.
და შედეგი სახეზეა, შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა ერთის, მეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც წმენდები, გაუგებარი, კორუფციაზე თემების წამოწევა, რომ კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ. მათთვის სრულიად გაუგებარი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენთთვის გასაგები“.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი ძალა ცდილობს საზოგადოების დაშინებას ახალი კანონებით, დაპატიმრებებით და სანქციებით, რაც მიანიშნებს, რომ მათ მიერ არჩეული სტრატეგია დაფუძნებულია იძულებაზე და არა საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე.
„ეს არის კლასიკური დიქტატურული რეჟიმების ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება და რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ სჭირდებათ, რომ გამოაჩინონ ვითომც რაღაც ძალა და ამ ძალის გამოჩენას ნიშნავს ახალი რეპრესიული კანონები, ახალი ჯარიმები, ახალი დაპატიმრებები, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მოჩვენებითია, ამითი ძალას ვერ იბრუნებენ და ვეღარ დაიბრუნებენ ვერასოდეს, იმიტომ რომ ეს არის მათი ბოლო სტადია, მათი ერთადერთი, რაც დარჩენიათ.
არიან სრულ იზოლაციაში საზოგადოებისგან, ვერავის შეკრებენ თავიანთი ნებით. არიან სრულ იზოლაციაში დანარჩენი მსოფლიოსგან, არავინ მათ აღარ ხვდება და უნდათ შექმნან პაროდიები მილანში საკონსულოს განსნით, რომ აჩვენონ რაღაც კავშირები გააჩნიათ, არა, არანაირი…“.
ნათქვამის დასადასტურებლად სალომე ზურაბიშვილმა მოიხმო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში. მის საქმიან ტურში არ არის საქართველო.
მეხუთე პრეზიდენტმა სიტყვის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა აქციის ხანგრძლივობასა და უწყვეტობაზე და მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც დაკავებულ დემონსტრანტებს, ისე პოლიტიკოსებს.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს, მოუსმინეს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნსაც.
უწყვეტი პროტესტის 214-ე დღეს პროტესტის მოთხოვნები უცვლელია: ვადამდელი და თავისუფლება დაკავებულ დემონსტრანტებს.
პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სადავო პარლამენტის მიერ არჩეულმა პრემიერმა, მ განაცხადა, რომ საქართველო 4 წლით აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი დემონსტრანტი იკრიბებოდა, პოლიციელები და შენიღბული დაჯგუფებები ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს; სასტიკად სცემეს მედიის წარმომადგენლებიც. არაერთი ადამიანი დასახიჩრდა აქციების დარბევისას, რამდენიმე სიკვდილს ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით გადაურჩა
ნოემბრიდან დღემდე, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს 50-ზე მეტი მოქალაქე.
ფორუმი