ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ზუგდიდში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ქალმა თვითდაზიანება მიიყენა. იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული.

მოკლული ქალის ახლობლის ინფორმაციით, ნათია აფხაზავა რამდენიმე დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა, სადაც ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო და ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ.

მომხდარ მკვლელობაზე -მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს.

მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზარახ მკვლელობას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.