ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და სხვა ოფიციალურ თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ზუგდიდმა დაიმკვიდრა კლასიკური მუსიკის ფესტივალის ქალაქის სტატუსი და შემოდგომის ზუგდიდი ყოველთვის ივსება საოცარი ჰანგებით. ეს არის ძალიან ლამაზი ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა. წლევანდელი მუსიკალური ფესტივალი უდიდეს საოპერო მომღერალს, უდიდეს ტენორს, გამორჩეულ ქართველს – ზურაბ სოტკილავას ეძღვნება. მინდა უდიდესი მადლიერებით მოვიხსენო ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭით თავისი შესრულების საოცარი მანერით განუმეორებლობა, სულ სხვანაირი ხიბლი და უნიკალურობა მიანიჭა ქართულ საოპერო ხელოვნებას“,-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
ინფორმაციის თანახმად, ფესტივალში მონაწილეობდნენ: კონსტანტინე ყიფიანი, ოთარ ჯორჯიკია, ნინო სურგულაძე, არმაზ დარაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას ხელმძღვანელობით.
ფესტივალთან ერთად, საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.
„დღევანდელი დღე უკავშირდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, დაფასებას და მადლიერების გრძნობის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ზუგდიდისადმი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობით ყოველდღიურად ზუგდიდის ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხოვრობდე ზუგდიდის ცხოვრებით ნიშნავს ქვეყნისათვის აკეთებდე საოცარ საქმეებს. როდესაც ვკითხულობდით მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს ეს იყო მართლაც აღფრთოვანების საფუძველი, რომ თითოეული მათგანი საოცარი კეთილსინდისიერებით ემსახურებოდა თავის ქალაქს. მათი ცხოვრების ყვეელა ეტაპი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ზუგდიდის სახელი, რაც შეიძლება მაღლა ყოფილიყო. თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათი კეთილი ფიქრებისთვის, სიტყვისთვის და კეთილი საქმისთვის, როგორც ზუგდიდისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის. მართლაც დაუფასებელია თქვენი ღვაწლი. გილოცავთ ამ საპატიო წოდებას“,- აღნიშნა მერმა.
„საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა:
ავრორა შონია – ექიმი-თერაპევტი, ქალაქის სამედიცინო საზოგადოების ღირსეული წევრი, სხვადასხვა დროს ქალაქ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს და „მედფარმის“ ექიმი, წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და კითხულობდა ლექციებს ზუგდიდის სამედიცინო სასწავლებელში.
დაზმირ ცანავა – მედიცინის დოქტორი, სამედიცინო დაწესებულების გამორჩეული მენეჯერი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ენგურქაღალდკომბინატის საავადმყოფოს ჯერ მშენებლობას, ხოლო შემდეგ იყო ამავე კლინიკის დირექტორი. გავლილი აქვს სტაჟირება -ში და ფლობს სამედიცინოს სფეროს კლინიკური მართვის ამერიკულ სერტიფიკატს. დაზმირ ცანავა არის ღირსების ორდენის ორგზის კავალერი.
კარლო ვეკუა – საზოგადოება „ზუგდიდელის“ თანადამფუძნებელი და პრეზიდიუმის წევრი. პროფესიით ჩაის ტექნოლოგი და შრომის ინჟინერი, რომელმაც ქალაქს და თანაქალაქელებს სპორტზე ზრუნვით დაამახსოვრა თავი. წლების განმავლობაში იგი გახლდათ ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის დირექტორი, ასევე, ზუგდიდის რაიონის სპორტული კომიტეტის კალათბურთის მწვრთნელი და ზუგდიდის ენგურჰესის მშენებლობის პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის საპატიო სიგელის მფლობელი. ჩვენი ქალაქის „ცოცხალი მემატიანე“.
მურმან ნაჭყებია – საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარე. ინჟინერ-ელექტრიკოსი, სხვადასხვა დროს ზუგდიდის „ენგურქაღალდკომბინატის“ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამსახურის უფროსი, მოგვიანებით, საქქაღალდმრეწვში შემავალი ენგურქაღალდკომბინატის დირექტორი, შემდგომ კი საქქაღალდმრეწვის გენერალური დირექტორი. 1996 წლიდან დღემდე საზოგადოება „ზუგდიდის ქაღალდის“ დირექტორი. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ზუგდიდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ორჯერ იყო არჩეული ზუგდიდის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, აღმასრულებელი საბჭოს წევრად, პირველი საკრებულოს წევრად და ეკონომიკური საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. მურმან ნაჭყებიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საზოგადოება „ზუგდიდელის“ გამოცემული წიგნის შექმნაში. დაჯილდოებულია საკავშირო, რესპუბლიკური და ადგილობრივი მნიშვნელობის სიგელებით. დაჯილდოებულია მედლით „შრომითი მამაცობისთვის“.
ალვერ იზორია – ინჟინერ-ეკონომისტი, სხვადასხვა დროს საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის ხელმძღვანელი, სხვადასხვა წლებში ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, ქალაქისა და რაიონის საკრებულოების წევრი, საქართველოს სახალხო კონტროლის ზუგდიდის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. ამჟამად, ალვერ იზორია გახლავთ საზოგადოება „ზუგდიდელის“ პრეზიდიუმის წევრი.
„ზუგდიდის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა:
ნანა კაციტაძე – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგად. ამ ხნის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი სიგელი და ჯილდო, არის საქართველოს პრეზიდენტის ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი, მინიჭებული აქვს სახალხო განათლების წარჩინებული პედაგოგისა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. წლების მანძილზე გახლდათ განათლების განყოფილების მეთოდისტ-მასწავლებელი და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.
იგორ ქობალია – ინჟინერ-ტექნოლოგი, სახელმწიფო მოღვაწე, ადამიანი, რომელიც ორმოცდათხუთმეტი წლის მანძილზე სხვადასხვა პოზიციიდან ერთგულებით, მოკრძალებით და ღირსებით ემსახურა ქვეყანას და მშობლიურ ქალაქს, იყო ზუგდიდის რაიკომის პირველ მდივანი და ზუგდიდის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილე, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ღირსებისა და შრომის ორდენების კავალერი.
თამაზ ცანავა – სასოფლო-სამეურნეო დარგის მოღვაწე, პროფესორი. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და არაერთი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად დაკავებული იყო ადმინისტრაციული საქმიანობით იყო ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორი. არაერთი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, 130-ამდე სამეცნიერო-საგაზეთო ნაშრომისა და 15-ამდე გამოგონების ავტორი, რომელთა უმეტესობა დაინერგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ღირსების ორდენის კავალერი, ს ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელის, „ღვაწლმოსილი ქუთაისელისა“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საპატიო უნივერსიტეტელის“ მედლების მფლობელი.
სულხან პაპაშვილი – ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აირჩია სახელმწიფო სამსახური და მუშაობდა ქვეყნისთვის არაერთ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად. მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. რამდენიმე წელია გადაინაცვლა კერძო/საოჯახო ბიზნესში და ძმასთან, ლაშა პაპაშვილთან ერთად, არის უმსხვილესი უძრავი ქონებისა და მართვის საინვესტიციო დეველოპერული კომპანიის „რედიქსი“ თანადამფუძნებელი, საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
ლაშა პაპაშვილი – კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაერთო კერძო ბიზნესში. 1996 წლიდან ჩართულია საბანკო ბიზნესში და იყო სს „რესპუბლიკა ბანკის“ გენერალური დირექტორი. მოგვიანებით, ის გახდა ბანკის უმსხვილესი აქციონერი და შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ფინანსურ სისტემაში განხორციელებული პირველი, ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო გარიგების (ევროზონის უმსხვილესი საბანკო ჯგუფის Societe Generale, France (SG Group) დადებული ხელშეკრულება) ავტორი.
დღესდღეობით არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების, ტურისტული და სასოფლო სამეურნეო აქტივების მმართველი კომპანიის დამფუძნებელი.
კლასიკური მუსიკის ფესტივალს და საპატიო წოდების დაჯილდოების ცერემონიას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.