ზუგდიდში დააკავეს აქტივისტი შალვა ესართია

ზუგდიდში დააკავეს პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია.
როგორც აქციების მონაწილემ, პარტია “დროას” წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, შალვა ესართია სამართალდამცავებმა პოლიციის სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად დაიბარეს და ადგილზე მისული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.
სიჭინავას ინფორმაციით, დაკავებულთან არ შეუშვეს ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ აქტივისტი შესაძლოა ნაცემი იყოს.
შალვა ესართია ს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
“მას უნდა ჩაბარებოდა ოქმი აქციაზე ნიღბის ტარებისთვის, რაც ეხება 174-ე მუხლს და შემდეგ დააკავეს 173-ე მუხლით. სამმართველოში რა მოხდა, არ ვიცი…. მასთან არ ყოფილა ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ადამიანი ქურდულად გააპარეს…. ადვოკატი არ შეუშვეს …. არაფერს გამოვრიცხავთ, შესაძლოა არის ნაცემი”, – თქვა მარიამ სიჭინავამ.
რადიო თავისუფლება -სთან ცდილობს შალვა ესართიას დაკავების მიზეზის გარკვევას. უწყებაში სამოქალაქო აქტივისტის დაკავებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სახალხო დამცველის აპარატში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათი წარმომადგენელი დაკავებულთან არ შეუშვეს. როგორც რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი თამაზაშვილმა უთხრა, შალვა ესართია უკვე გადაყვანილი იყო იზოლატორში, როცა სამმართველოში მათი წარმომადგენელი მივიდა. “ჩვენი წარმომადგენელი გზაშია, რათა იზოლატორში მოინახულოს დაკავებული”, – განმარტეს სახალხო დამცველის აპარატში.
შალვა ესართია ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა.
გუშინ, 29 იანვარს, მან პერფორმანსი მოაწყო და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ს ფიტული “ჯოჯოხეთის ცეცხლში” დაწვა.
“ყველას, ვინც კი სამშობლოს უღალატებს, ასე, ჯოჯოხეთის ქვაბში მოვხარშავთ”, – ასე ახსნა პერფორმანსი სამოქალაქო აქტივისტმა შალვა ესართიამ.
საქართველოში 64 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ასობით ადამიანი დააკავეს. უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.