“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგს მართავს – ანა წითლიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო.
“ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნები აქვს წაგებული და ძალიან კარგად იცის, რომ ზუგდიდსა და სამეგრელოში წააგებს ძალიან მწარედ 26 ოქტომბერს და გაიმარჯვებს ოპოზიცია და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პირველ ადგილზე ზუგდიდშიც და მთელ სამეგრელოშიც. „ქართულ ოცნებას“ არ უშველა არც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემამ, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა რაც მათ დაწყებული აქვთ, არც ზუგდიდელების დაშინებამ უშველა, რადგან ზუგდიდელებს არ ეშინიათ და ძალიან მყარად დგანან ოპოზიციურ განწყობაზე, ამიტომაც „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დახმარება სთხოვოს კანონიერ ქურდებს. ჩემი ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციით და ამის მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. „სხადნიაკი“, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის სახელით ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მათ აქვთ ორი დავალება, პირველი რომ დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და მეორე, მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობა, რამდენი კანონიერი ქურდიც არ უნდა ჩართოთ ამ პროცესში, 26 ოქტომბერს თქვენ ზუგდიდი და მთელი სამეგრელო გეტყვით უარს და გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან. მინდა მივმართო ამ კანონიერ ქურდებს ლევან მარღიას და ირაკლი ყალიჩავას, რომ თქვენი ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენივე ფასეულობებითაც კი არ ჯდება არაფერში. ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე კანონიერ ქურდებს რა ჰქვიათ თქვენვე შეგიძლიათ დაარქვათ ამას სახელი. და მინდა მივმართო ასევე შსს-ს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს ირაკლი ფაცაციას, როდესაც აქ, ზუგდიდში ტარდება ე.წ. „სხადნიაკები“, როდესაც კანონიერი ქურდები და ძველი ბიჭები და ეს კრიმინალური დაჯგუფება ზუგდიდში მოქმედებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ, სად არის ამ დროს პოლიცია და სად არის სახელმწიფო? კიდევ ერთხელ უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ სქემაში არის ჩართული, ჩვენ ვიცით თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი, თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი ეცოდინება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენ მოხვდეთ სანქცირებულთა სიაში და პასუხი აგოთ ყველა კანონდარღვევაზე, რადგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ ვერ დააშინებთ ვერცერთ ზუგდიდელს, სამეგრელოს, ზუგდიდი და სამეგრელო ძალიან მტკიცე პასუხს გაგცემთ 26 ოქტომბერს, როდესაც რუსული რეჟიმი დასრულდება და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში.“ – განაცხადა ანა წითლიძემ
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა, 2015 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი, 1978 წელს დაბადებული ლევან მარღია დააკავეს. მარღია მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან, რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლის განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში დაადეპორტეს. ლევან მარღია კრიმინალურ სივრცეში ცნობილია მეტსახელით “ლევიკ ზუგდიდსკი”. მარღიას დაკავების შემდეგ, რუსი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ე.წ. კანონიერი ქურდი პოლიციელების შეკითხვებს პასუხობს. ვიდეო მის შესახებ დამატებით მცირე ინფორმაციას იძლევა.
მისი მონაყოლის მიხედვით, ის 1978 წლის 19 იანვარს ზუგდიდში დაიბადა. არის საქართველოს მოქალაქე და აქამდეც აქამდეც ყოფილა ნასამართლევი, – მას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 4 წელი აქვს გატარებული. სამართალდამცავებთან საუბრისას ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარ თავს ე.წ. კანონიერ ქურდად მიიჩნევს.
რაც შეეხება მის კრიმინალურ წარსულს. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევან მარღია ბოლოს საზღვრის ფალსიფიცირებული საბუთებით გადამვეთის მცდელობისას დააკავეს. მისი “ქურდად კურთხევა”, რუსეთში, მესამე იზოლატორში, მერაბ ბახიასა და ზურაბ დგებუაძის მიერ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მარღიას დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გივი თარგამაძემ “ფეისბუქზე” სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც სამართალდამცავები “კანონიერი ქურდების” “აორთქლებაში” დაადანაშაულა.
რაც შეეხება, ლევან ყალიჩავას, 2018 წელს უკრაინიდან ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად „ხუტუ“ გააძევეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ირაკლი ყალიჩავა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ სიაში შედის. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ხუტუ“ უკრაინაში ჩავიდა ოდესის ოლქში კრიმინალური წრეების საქმიანობის კონტროლისთვის და უკანონო შემოსავლის განაწილების მიზნით. ის ოდესაში დააკავეს. ყალიჩავას სხვა პირის უკრაინული დოკუმენტები ჰქონდა.
2022 წელს, რუსთავის2–ის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში გვიან ღამით მომხდარ სისხლიან გარჩევაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობდნენ. ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად “ხუტუ” და ლევან მარღია, იგივე “ლევა ზუგდიდსკი“. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგადაც იყვნენ დაჭრილებიც და მოკლულებიც, მოჰყვა 2 კრიმინალურ ავტორიტეტს შორის გარჩევას, რომელიც ბიზნესწილების თაობაზეა დაწყებული, და დაპირისპირებაში 10–მდე ადამიანი მონაწილეობდა. მოკლული იყო 2 ადამიანი და 5 დაჭრილი. დაჭრილებს შორის იყო, კურიერის ინფორმაციითვე, ასევე კრიმინალური ავტორიტეტი ხვიჩა ცხაკაცია. ფორმულას ინფორმაციით, ვერაზე მოკლული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ქართული ოცნების ხელისუფლების, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულია იყო.