ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მოქმედ მენეჯმენტს აკისრებენ და პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს. მათი განცხადება სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები, ჯამში 17 პირი.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმაც, სადაც აღნიშნულია, რომ „პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა“.
„იმისთვის, რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.
ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11-დან 10 საკრებულოს წევრი: ია ჯიშკარიანი, გურიელ ქარდავა, ლევან ლაშხია, ლელა ადანაია, ვეფხვია ფოცხორაია, მოგელი ხუხია, ნინო ბოკუჩავა, ბესიკ თამლიანი, ფელიქს წურწუმია, ჯანსუღ ჯიშკარიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლევნ ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა წერილობით გაავრცელეს ჭიათურის საკრებულოს წევრებმაც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება.
„პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს.
პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის მოთხოვნას უერთდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ხუთივე წევრი: გოგი ჩიკვილაძე, სიმონ ჯაფარიძე, ქეთი ცხოვრებაძე, ზურაბ კეთილაძე და ილიკო ჩიკვილაძე