ზოოპარკს ბექაურის ბოკვრის ვოლიერისთვის ბეტონის ყიდვა ₾21 ათასამდე დაუჯდება

თბილისის ზოოპარკი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიერ გადაცემული ლომის ბოკვრისთვის ვოლიერის ასაშენებლად ბეტონში 21 300 ლარის გადახდას გეგმავს გამარტივებული შესყიდვით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ზოოპარკი სამშენებლო მასალების შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.
ზოოპარკის განცხადებით, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის საჭიროება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს მათ დაუგეგმავად გადაეცათ ლომის ბოკვერი, რომლისთვისაც ზოოპარკს არ ჰქონდა შესაბამისი ვოლიერი. ამიტომ ლომის ბოკვერი ახალი ვოლიერის აშენებამდე, დროებით, დირექციის შენობაში განთავსდა.
თუმცა, ზოოპარკის განცხადებით, ბოკვერი გაიზარდა და მისი შემდგომი ყოფნა დირექციის შენობაში საშიშროებას წარმოადგენს თანამშრომლებისთვის.
„ლომის ბოკვერი გაიზარდა და მისი შემდგომი ყოფნა დირექციის შენობაში საშიშროებას წარმოადგენს თანამშრომლებისთვის, ხოლო მისი ვოლიერის დასამთავრებლად აუცილებლობას წარმოადგენს ბეტონის შესყიდვა.
ვითარება წინასწარ ვერანაირად ვერ იქნებოდა განსაზღვრული, ვინაიდან წინასწარ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვის ბოლოსთვის თბილისის ზოოპარკში დაუგეგმავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადმოცემული იქნა ჩამორთმეული ლომის ბოკვერი, რომლისთვისაც ზოოპარკს არ ჰქონდა შესაბამისი ვოლიერი…
ლომის ვოლიერის დაუმთავრებლობა საგრძნობ ზიანს აყენებს როგორც ზოოპარკის ფუნქციონირებას, ასევე მასში მომუშავე თანამშრომლების ჯანმრთელობას, ვინაიდან ლომის ბოკვერს შეუძლია ზიანი მიაყენოს დირექციაში მომუშავე თანამშრომლებს“, – აცხადებს ზოოპარკი.
ზოოპარკის განცხადებით, ვოლიერის დასამთავრებლად საჭირო ბეტონის შესყიდვა 17 მარტს აუქციონის გარეშე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში იგეგმებოდა. აღნიშნული ტენდერის ღირებულება 297 420 ლარი იყო და ზოოპარკის სხვა საჭიროებებთან ერთად, გადაცემული ბოკვრის ვოლიერისთვის ხარჯებსაც ითვალისწინებდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა.
ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ვერშემდგარი ტენდერის გამო, საჭიროა ბოკვრის ვოლიერისთვის ბეტონი ცალკე იყიდონ.
„ეს [21 300 ლარი] არ არის ვოლიერის მთლიანი ღირებულება. ეს არის ბეტონის ღირებულება, ანუ რაშიც ბადე იქნება ჩამაგრებული. ეს არის [ვოლიერის ასაშენებლად საჭირო] თანხის მხოლოდ ნაწილი. დანარჩენი მასალები სპეციალურად ამ ბოკვრის ვოლიერისთვის არ გვიყიდია, მაგრამ გვქონდა, უფასო არაფერი არ არის. ამის გარდა, ვოლიერისთვის გათბობა არის დასაყენებელი და კიდევ ბევრი რაღაც იქნება გასაკეთებელი“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოისტი ლაშა ბექაური პორშეთი ასეირნებდა, თბილისის ზოოპარკს გადაეცა.
მაშინ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბოკვერი ზოოპარკში ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ერთად მიიყვანეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო.
საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე კვარტა მუხლის თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ნეტგაზეთმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 25 დეკემბერს ჰკითხა, გაცემული ჰქონდათ თუ არა სერტიფიკატი ცხოველის შემოყვანაზე. ასევე, შემოსავლების სამსახურსაც ვკითხეთ, მიმდინარე წელს დაფიქსირდა თუ არა ლომის ბოკვერის შემოყვანის ფაქტი.
სამინისტროს პრესსამსახურებში განგვიცხადეს, რომ ინფორმაციის მოკვლევას ცდილობენ.
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ავტომანქანით ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობს და გვერდითა სავარძელზე ლომის ბოკვერი ჰყავს.
წყარო: negtazeti.ge