ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1 340 ადგილი გამოიყოფა – დეტალები

პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის სისტემაში რეგისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს კვლავ შეუძლიათ.
„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია 1-ელი ივლისიდან დაიწყო. დღესაც არის შესაძლებლობა, რომ მივიხდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელს შეგიწყობენ იმისთვის, რომ შემდგომში თქვენივე საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის პარკირება შეძლოთ ყოველგვარი გადასახადის გარეშე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის – ორი ადგილი.
„შეგახსენებთ, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეოებისთვის უფასოა. ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. დანარჩენ შემთხვევებში, პარკირების ღირებულება შეადგენს ერთი საათი ერთ ლარს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით უფასოა.