„ზომებს თუ არ მივიღებთ, 15-20 წელიწადში შეიძლება სულ ჩამოიშალოს ეს შენობები“ – ექსპერტი ავარიული შენობების შესახებ

„ზომებს თუ არ მივიღებთ, 15-20 წელიწადში შეიძლება სულ ჩამოიშალოს ეს შენობები“ – ექსპერტი ავარიული შენობების შესახებ
ავარიული შენობების რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარება ჭაინურდება. ამ პროცესს ხელს უშლის მოსახლეობის დამოკიდებულებაც. ბევრი ნებაყოფლობით არ გადის ბინიდან, სრული თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში კი ვერც შენობების ჩანაცვლება ხერხდება. ამასობაში კი რაც დრო გადის, მეტი შენობა გამოდის მწყობრიდან და პრობლემა უფრო მწვავდება. არსებული მონაცემით, 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა თბილისში და საკითხის გადაჭრას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.
ბოლო წლების განმავლობაში ძველი სახლების კედლების ჩამონგრევის არაერთი შემთხვევაა აღრიცხული. შენობები სახლები ინგრევა, რადგან ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. შესაბამისად, სახელმწიფომ გარკვეულ ზომებს უნდა მიმართოს და ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება შეძლოს ან სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს იმ ობიექტებზე, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება.
რეალურად სხვა გამოსავალი არ არსებობს, რაზეც ურბანისტებიც უკვე ღიად აცხადებენ და დედაქალაქის მერიას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. რეალურად პრობლემას ყველა მხარე აღიარებს: მერიაც, ბიზნესიც და მოსახლეობაც, თუმცა გამოსავალზე ურთიერთშეთანხმების მიღწევა, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. ავარიული, საცხოვრებლად სახიფათო შენობების მდგომარეობა კი წლიდან წლამდე მხოლოდ მძიმდება, რადგან ექსპლუატაციის ვადა ზოგ შემთხვევაში ორჯერ და სამჯერ ამოწურულია.
როგორც ინჟინერ-მშენებელმა და სამშენებლო მასალების ექსპერტმა გიორგი შვანგირაძემ აღნიშნა, ავარიული შენობების დანგრევა გარდაუვალია, რადგან მათი უმტესობა უკვე რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.
,,ავარიული შენობები მასშტაბური პრობლემაა თბილისისათვის, რისი დანახვასაც სპეციალისტი არ სჭირდება და ნებისმიერი მოქალაქისთვის შესამჩნევია. დიდუბე-ჩუღურეთში, მთაწმინდაზე და ყველგან, სადაც იტალიური ეზოები და ძველი შენობებია, ყველგან არის პრობლემა. განახლება ვერ ხერხდება, რადგან ხშირად ადგილზე ბევრი მობინადრეა ჩაწერილი. როცა ინვესტორი შედის და ცდილობს საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლებას, აღმოჩნდება, რომ ყველას თავისი პრეტენზია აქვს. ბიზნესისთვის კი ეს წამგებიანია.
ამასობაში ქალაქის განვითარება შეუქცევადად გრძელდება, ჯერ სიგანეში მატულობს თბილისი, მერე უკვე სიმაღლეში გაზრდა დაიწყება, ანუ რაც დაბალი შენობებია, ისინი დაინგრევა და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი შენობები აიგება. გარდა ამისა, ე.წ. ,,ხრუშჩოვკები” და სხვა მსგავსი შენობებიც ჩასანაცვლებელია. მათი ექსპლუატაციის ვადა გასულია და განახლება სჭირდება. ესეც უკვე პრობლემაა”, – უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს” გიორგი შვანგირაძემ.
მისივე შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომ პროცესში, კერძო ბიზნესთან ერთად, სახელმწიფო ჩაერთოს. დროულად უნდა გამოიყვანონ მოქალაქეები ავარიული შენობებიდან, რადგან მათი გაჩერება ავარიულ სახლებში უკვე ძალიან საშიშია.
,,პრობლემებია განსაკუთრებით იქ, სადაც იტალიური ეზოებია. გარე ფასადებია გაკეთებული და იქმნება ილუზია, რომ ყველაფერი მწყობრშია, მაგრამ რეალურად ასეთ სახლებში ცხოვრება სარისკოა. პირველ რიგში მობინადრეების საკითხი უნდა გადაწყდეს და სახელმწიფოსთან მოხერხდეს შეთანხმება. სამშენებლო კომპანიებთან თუ კერძო ბიზნესთან ერთად სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს პროცესში, ხალხიც დათმობაზე წავიდეს ან რაღაცნაირად მოხერხდეს მათი გამოსახლება.
ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჯერ ერთი, ამით მობინადრეების ყოფა-ცხოვრება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება, პარალელურად კი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. შესაბამისად, ავარიული უბნები და შენობები ჩანაცვლდება, სადაც დღესდღეობით ცხოვრება უკვე მართლაც სახიფათოა”, – აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.
ის, რომ ავარიულ შენობებთან დაკავშირებით არასწორი მიდგომაა, საინჟინრო აკადემიის წევრი, თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, არსებული მიდგომებით და ტემპებით ეს პრობლემა ქალაქში ვერასდროს მოგვარდება.
,,ათი ათასზე ბევრად მეტი ავარიული შენობაა თბილისში. ვერც ერთ შენობას ვერ ნახავთ, სადაც რაიმე თვითნებური დაშენება-მიშენება არ არის, ფანჯარა არ არის გამოჭრილი ან სხვა. მზად ვარ, ვისაც სურვილი ექნება სპეციალისტი იქნება თუ მედიის წარმომადგენელი, ავარჩიოთ სახლი და განახებთ 10 სხვადასხვა პრობლემას, რომელიც იმ სახლს ავარიულობის კატეგორიას აძლევს. ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ გასაკეთებელია ყველა შენობის პასპორტიზაცია, რომ დადგინდეს რა მდგომარეობაშია სახლები.
რაც შეეხება მოგვარების გზებს, არასწორი მიდგომა გაქვს და ამ ტემპებით ვერასდროს მივალთ იქამდე, რომ პრობლემა სრულად მოგვარდეს. ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას მხოლოდ ბიუჯეტის გამოყოფა არ შველის, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და რაღაც ერთი მიმართულებით უნდა ვიაროთ. სხვა შემთხვევაში, ამ ტემპებით, რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს და რადიკალურად ვსაუბრობდე, საქმეს არაფერი ეშველება,“ – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პალიტრის“ ეთერში.
საუბარია იმაზეც, რომ კერძო სექტორი ამ პრობლემის მომგვარებელი არ არის, ამიტომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მუნიციპალიტეტების მხრიდან უნდა დაჩქარდეს და პროცესი დროულად დაიწყოს. ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის თქმით, უნდა ჩატარდეს აუდიტი და საფუძვლიანი მოკვლევა შენობების მდგრადობასთან დაკავშირებით.
,,ათეული წელია თბილისის ბევრ უბანში სახლები ნგრევისკენ მიდის და მათი რეაბილიტაცია ვერ ხერხდება. ზოგი სიძველის, ზოგი კი მიწისძვრის გამო დაზიანდა და მას შემდეგ მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. ბევრია ისეთი, რომელსაც დანგრევის გარდა აღარაფერი ეშველება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იქ ხალხი ცხოვრობს. ყველაფერი ძველდება და კვდება ბუნებაში, ასე ემართება შენობებსაც.
საბჭოთა კავშირის დროს იყო როგორც კაპიტალური, ისე მიმდინარე რემონტი, ასევე ავარიული შენობების სარეალიბიტაციო სამუშაოებიც ხორციელდებოდა. აღწერილი იყო შენობის მდგომარეობა და სხვა მახასიათებლები, ახლა არ არის ასე, განსაკუთრებნით ძველი თბილისის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა საჭიროა ხელშეწყობა შესაძლებლობების ფარგლებში. ზომებს თუ არ მივიღებთ, 15-20 წელიწადში შეიძლება სულ ჩამოიშალოს ეს შენობები.
აუცილებელია, ჩატარდეს აუდიტი და საფუძვლიანი მოკვლევა შენობების მდგრადობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ერთია და მეორე მუნიციპალიტეტები, ადგილობრივიო თვითმმართველობები. მერიამ უნდა განახორციელოს ისე, რომ ბიზნესის ინტერესიც რაღაც დონეზე იქნას გათვალისწინებული და პრობლემასაც ეშველოს, ისე რომ ქალაქის იერსახე არ დამახინჯდეს”, – განუცხადა ლადო ვარდოსანიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.
სპეციალისტების რეკომენდაციაა, ავარიული შენობები ს პრობლემა მოგვარდეს ისე, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნდეს, რადგან ეს არის თბილისის დიდი ფასეულობა და ღირებულება.