მურთაზ ზოდელავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ის ამბობს, რომ “ნიკა მელიას მოძრაობას” უერთდება.
“რა თქმა უნდა, ნიკა მელიას მოვუსმინე და ცხადია, ეს მოლოდინი მქონდა. დავინახე შესაძლებლობა, რომ იმ პროცესში ჩავერთო, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამ მოძრაობას ვუერთდები, ეს ჩემი გულწრფელი სურვილია. აქ რომ ვუერთდები, იმას ნიშნავს, რომ ამას [ნაციონალური მოძრაობა] ვტოვებ”. – თქვა ზოდელავამ მთავარი არხის ეთერში.
7 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია დატოვა. მელიას თქმით, ის ახალი პარტიის დაფუძნებას აპირებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ენმ-ის წევრები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.
7 დეკემბერს კასპის საკრებულოში ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. ამ დროისთვის ენმ-ს საკრებულოში 2 მანდატი რჩება. გავრცელდა ინფორმაცია კახეთის საკრებულოს წევრების მიერ ენმ-ს დატოვების შესახებაც.
6 დეკემბერს ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია 10-მა დატოვა.
5 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებაში აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ენმ-ს საკრებულოში სულ 22 წევრი ჰყავდა.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.
4 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ.
2 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებმაც მოითხოვეს.
1 დეკემბერს კი თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.