ზოგიერთი ოფისად გადაკეთდა, ზოგიც – საავადმყოფოდ… 6 თვეში 9 სასტუმრომ შეიცვალა პროფილი – ჰოტელიერი

ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში 9 სასტუმრომ მიმართულება შეიცვალა.
„ზოგიერთი სასტუმრო კამპუსად გადაკეთდა, ზოგი – ოფისად, ზოგიც – საავადმყოფოდ და სარეაბილიტაციო ცენტრად. ძირითადად, ყველა თბილისში იყო“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, დღესდღეობით, სასტუმრო ბიზნესი თბილისში მომგებიანი აღარ არის.
„სასტუმროებში ჩადებული ინვესტიციების ამოღებას 20-25 წლამდე სჭირდება, რაც ინვესტირებისთვის არასასურველი პერიოდია. სასტუმროების მიერ პროფილის შეცვლაც იმის მანიშნებელია, რომ მფლობელები ცდილობენ, სხვა ბიზნესები გააკეთონ სასტუმროს მიზნობრიობით აშენებული ობიექტებში. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ამას გარდა, მოგეხსენებათ, თბილისში სასტუმროების ოთახების რაოდენობა ძალიან გაზრდილია. შესაბამისად, კონკურენციიდან გამომდინარე, ოთახის საშუალო ფასი იმდენად შემცირებულია, რომ თბილისის მასშტაბით 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები წლიურ ჭრილში იმდენად დაბალ მარჟაზე მუშაობენ, რომ სასტუმროებს 70%-ით ნაკლები მოგება აქვთ, ვიდრე ჰქონდათ 2015-2016 წლებში. შესაბამისად, დღეს სასტუმროს ბიზნესი მომგებიანი არ არის“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
ჰოტელიერის შეფასებით, რომელიც 7 სასტუმროს მმართველია, ტურიზმის სექტორში დღეს კრიზისია. მისივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი სასტუმრო ბიზნესის მუშაობაზე ნეგატიურად უკვე აისახა.
შალვა ალავერდაშვილი ჰყვება, რომ მის მართვაში მყოფი 7 სასტუმროდან, 6 დედაქალაქის ცენტრალურ უბნებშია და ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა. მისივე თქმით, ბედნიერია იმით, რომ 30-31 დეკემბერსა და 1-2 იანვრის ჩათვლით, სასტუმროების ნომრები დაჯავშნილია და მიღებული შემოსავლით, კომუნალურების გადახდას და ხელფასების გაცემას მოახერხებს.
“იმედია, ეკონომიკის სამინისტრო წელსვე შეგვხვდება… უკვე საკმაოდ დიდი კრიზისია ტურიზმში” – ინტერვიუ
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებითაც, პოლიტიკურმა კრიზისმა თბილისის სტუმარმასპინძლობის სექტორი გარკვეულწილად დააზარალა და სამინისტროში ხვდებიან სხვადასხვა ბიზნესჯგუფს, აანალიზებენ და მსჯელობენ, როგორ შეიძლება დაეხმარონ კერძო სექტორს, „წერტილის“ წამყვანი დაინტერესდა, იყო თუ არა მსგავსი შეხვედრა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ლევან დავითაშვილის უწყებაში ტურიზმის სექტორს შეხვედრა ჯერ არ ჰქონია, მაგრამ იმედოვნებს, რომ მალე შედგება. ჰოტელიერს მიაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, ტურიზმის ინდუსტრიის მხრიდან შეხვედრის მოთხოვნა არც უნდა იყოს საჭირო.