ზოგადი საარჩევნო ვითარება მშვიდია – ლატვიელი ექსპერტი

ზოგადი ვითარება მშვიდია, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხებში ექსპერტმა ლატვიიდან, რეინს დოჩელოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ საერთაშორისო ექსპერტების მცირე ჯგუფთან ერთად ჩამოვედით და პროცესის ნაწილს დავაკვირდით, ასევე, ს გარემოს ჩავუღრმავდით და მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ. რა თქმა უნდა, პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ ჯერჯერობით 10-მდე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ, ზოგადი ვითარება მშვიდია, ზოგადი ვითარება კარგია, საარჩევნო უბნებზე ვხედავთ, რომ პერსონალი კარგად არის მომზადებული, ამომრჩევლებიც მშვიდად არიან, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს. იყო მცირე პრობლემა ერთ უბანზე, სადაც ერთმა ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი მიიღო, მაგრამ ისინი ერთგვარად ერთმანეთზე იყო დაკრული, შემდეგ ეს უბნის თანამშრომლებმა დაინახეს და ბიულეტენები დააცილეს. ჩვენ ვესაუბრებით სხვა დამკვირვებლებს სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან და რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ მათაც არ შეუნიშნავთ რაიმე სერიოზული პრობლემა პროცედურასთან დაკავშირებით და მთლიანობაში, როგორც ჩანს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ არჩევნების მომზადებაში დიდი შრომა გასწია“, – განაცხადა რეინს დოჩელოვსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
რაც შეეხება, პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.
როგორ ნაწილდება არსებული დაფინანსება, გაეცანით აქ