ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება – სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.
პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების 3 საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: – დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).
პროექტის ავტორი და ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, რადგან 9 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები 15 წლისანი არიან, „შრომის კოდექსის“ თანახმად კი, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლიდან წარმოიშობა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება, ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.
როგორც სამინისტრო განმარტავს, საბაზო საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისთვის, რომ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ – განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში.

ასევე დაგაინტერესებთ