ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გირბულის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა 13 აგვისტოს დასრულდა. ხვალ ბრალდებულები გამოიკითხებიან, ამის შემდეგ კი საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავა.
ადვოკატი შოთა თითბერიძე ვარაუდობს, რომ ამ საქმეზე განაჩენი 3-4 სხდომის შემდეგ გამოცხადდება.
წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანასტასია ზინოვკინას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ მას აღარ დარჩა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ახლა დაცვის მხარის რიგია. ადვოკატებმა თქვეს, რომ რამდენიმე წერილობითი მტკიცებულება აქვთ, მთავარი კი თავად ბრალდებულების ჩვენებებია.
ანასტასიასა და არტიომს ხვალ, 14 აგვისტოს სხდომაზე გამოკითავენ, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. მათ წინასწარ დააანონსეს, რომ ბევრი აქვთ სათქმელი, ამიტომ მოსამართლესა და პროკურორებს სთხოვეს, სხდომისთვის რამდენიმე საათი დაეთმოთ.
ანასტასიასა და არტიომის გამოკითხვის შემდეგ ჯერ პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას, შემდეგ – ადვოკატები. სურვილის შემთხვევაში ისინი რეპლიკების უფლებითაც ისარგებლებენ, ბოლოს იქნება ბრალდებულთა საბოლოო სიტყვა და განაჩენი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერი დასრულდება მომდევნო 3-4 სხდომის შუალედში.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსეთის მოქალაქეები არიან. ისინი შეყვარებულები არიან. ანასტასია პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა და ხშირად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში რუსეთშიც. ამის გამო ის სამშობლოშიც არაერთხელ დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა მობილიზაციის საფრთხე არტიომსაც შეეხო, მათ რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს.
ისინი საქართველოში 2024 წლის ზაფხულში ჩამოვიდნენ, აქედან კი სხვა ქვეყანაში აპირებდნენ გადასვლას. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქიებში იღებდნენ მონაწილეობას. 28 ნოემბერს დწყებული უწყვეტი დემონსტრაციებისას რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ და ასე ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ საქართველოს პროევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეებისთვის.
ანასტასია და არტიომი 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. როგორც ჰყვებიან, პოლიციელები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ დააკავეს აქციებში მონაწილეობის გამო. ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.
ამავე თემაზე:
· საქართველოში არ შემოუშვეს ანასტასია ზინოვკინას დედა – ადვოკატი
· მოთხოვნების შესრულებამდე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას — არტიომ გრიბულის წერილი ციხიდან
