„პუბლიკის“ ინფორმაციით, პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი, რომელიც აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის გამო მაისში სისხლის სამართლის წესით დააკავეს და დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს.
ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაშიც ადასტურებენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 24 მაისს, თბილისში, ბრალდებული გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა”, — უთხრეს „პუბლიკას“ პროკურატურაში.
მუხადგვერდელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
პროკურატურის ცნობით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის გირაოთი შეცვლა დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რაც სასამართლომ გაიზიარა.
„წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით საქმე განიხილება არსებითად“, — განაცხადეს პროკურატურაში.
„პუბლიკის“ თანახმად, ხულიგნობაში ბრალდებული პოლიციელი 24 მაისს დააკავეს, 26 მაისს 26 მაისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაკავებიდან მეოთხე დღეს კი (29 მაისს), პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე 20 ივნისს გადავიდა.
შსს-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ირაკლი მუხათგვერდელი უწყების თანამშრომელი აღარ არის. დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ, თუმცა მისი გათავისუფლება სავარაუდოდ სწორედ მაისის ინციდენტს უკავშირდება.
ირაკლი მუხადგვერდელი ანასტასია ზინოვკინას და ანტონ გრიბულის საქმის ფიგურანტია. ზინოვკინა მას ნარკოტიკის ჩადებაში თანამონაწილეობას და გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს.
„ირაკლიმ მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებ, გაგაუპატიურებ. სისტემატურად აქცენტს აკეთებდა, რომ გამაუპატიურებდა, მემუქრებოდა… მისი მოქმედებები არა მხოლოდ სიტყვიერი იყო, არამედ დაიწყო ხელების ფათურიც, რომ საგრძნობი ყოფილიყო მისი მუქარა. დაიწყო შარვლის ბალთის შეხსნა, ბანალური სიტყვები — მე შენ დაგსჯი… მას შემდეგ, როცა დავინახე, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს, ყველა დაწყნარდა, გარდა ირაკლისა, ის აგრძელებდა შეხებას და მუქარას… “, — თქვა ზინოვკინამ სასამართლოში გამოკითხვისას.




