გასულ თვეში ბრიტანეთის მთავრობამ თამბაქოსა და ვეიპის შესახებ კანონპროექტის მიღების გეგმები განაახლა. კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს ყიდვის ასაკი, შესაძლოა, ეტაპობრივად გაიზარდოს, რათა 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულებს მისი ყიდვა აღარ შეეძლოთ.
ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტის სპიკერის თქმით, “მოწევისთვის თავის დასანებებლად ვეიპი ეფექტური ინსტრუმენტია”. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სამედიცინო რჩევა ერთმნიშვნელოვანია – მოზარდებმა თუ ზრდასრულებმა, რომლებიც მწეველები არ არიან, არც ვეიპი უნდა მოიხმარონ.
BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელშიც საუბარია თამბაქოს ზიანის შემცირების ალტერნატივებზე, განხილულია 53 წლის პოლ ბრიტანის, იორკის საავადმყოფოს ექთნის მაგალითი.
ბრიტანის თქმით, ჯანმრთელობის გაუმჯობესება შენიშნა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო კლინიკის 2 წლიან პროექტში, სახელწოდებით – Swap and Stop. პროექტში, რომლის ორგანიზატორია Humber & North Yorkshire Health & Care Partnership და რომლის ფარგლებშიც მწეველებს მეტად უსაფრთხო ალტერნატივას სთავაზობენ.
ბრიტანი ამბობს, რომ თავს “ბევრად უკეთ და ჯანმრთელად” გრძნობს მას შემდეგ, რაც სიგარეტს თავი დაანება და ელექტრო სიგარეტზე – ე.წ ვეიპზე გადავიდა.
პოლ ბრიტანმა საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორგანიზაციამ Action on Smoking and Health (Ash) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით ბრიტანელ რესპონდენტთა 11% ამჟამად ვეიპს მოიხმარს, რაც გაერთიანებული სამეფოსთვის 5.6 მილიონ ზრდასრულ ადამიანს ნიშნავს.
ASH-ის თანახმად, სიგარეტი ყოველწლიურად კიბოს ყველა ახალი შემთხვევის თითქმის მეხუთედის (64,500) მიზეზია, დიდ ბრიტანეთში კი კიბოთი სიკვდილიანობის 27%-ს მოწევა იწვევს.
BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ვეიპის მოხმარება სიგარეტთან ნაკლებ საზიანოა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის შეიცავს ქიმიკატებს, მათ შორის ნიკოტინს – ნივთიერებას, რომელიც შეჩვევას იწვევს.
ბრიტანის თქმით, ვეიპის მოხმარებით ის ეტაპობრივად ამცირებს ნიკოტინის მიღებას, ასევე მეტად ეჩვევა აზრს, რომ “არამწეველია” და ემზადება უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის.
Ash-ის კვლევის შეფასებით, ვეიპის მომხმარებელთა 53%, ანუ 3 მილიონი ადამიანი, ყოფილი მწეველია.
წყარო: “ფორმულა ტვ”