“წარმოუდგენელია, რომ ადამიანს, რომელიც ბიუჯეტს გივსებს, უკრძალავ თავისი აზრის გამოხატვას“ – ამის შესახებ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარე ზვიად ჭუმბურიძე საუბრობს.
ის BMG-სთან იურიდიული პირებისთვის და ბიზნესებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართვას ან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას უკრძალავს.
ზვიად ჭუმბურიძის თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, საზოგადოებაში გარდაუვალ უკურეაქციას იწვევს, რადგან, დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი სწორედ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სოციალურ ან პროფესიულ ჯგუფს წარმოადგენს ადამიანი. ინიციატივა კი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად ბიზნესსექტორის აქტივიზმის შესაზღუდად, ზვიად ჭუმბურიძის აზრით, ლოგიკას მოკლებულია.
„რა გვინდა, რომ ადამიანი, რომელიც გამყიდველად მუშაობს ვთქვათ, ან დირექტორია რომელიმე მაღაზიის, არა აქვს უფლება, რომ როგორც მოქალაქემ აზრი გამოთქვას ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე? ხომ წარმოუდგენელია ამის ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის? ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ვიტყოდი, რომ დამაზიანებელია ჩვენი განვითარებისთვის. 21-ე საუკუნეში, როდესაც ბიზნესზეა თან აქცენტი, რომელიც დოვლათს ქმნის… და სახელმწიფო, მთავრობა, კანონით უკრძალავს მას აზრის გამოხატვას, თუნდაც პოლიტიკურ პროცესზე – ვფიქრობ, რომ ლოგიკური და საღი აზრისგან ძალიან შორს არის,“ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი ბიზნესის გაჩუმებას და სამოქალაქო პროცესებისგან დისტანცირებას, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი რეგულაციები თავად მმართველ პარტიას შეუქმნის უხერხულობას, რადგან ეს შეზღუდვები მათ ბიზნეს-პარტნიორებსაც პირდაპირ შეურაცხყოფს.
„თვითონ მმართველი პარტია აღმოჩნდება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ მათი პარტნიორები, ის ბიზნესმენები, რომლებიც იკრიბებიან, მსჯელობენ, მათთვის არის ეს შეურაცხმყოფელი. მე ვფიქრობ, რომ ბიზნესი, საზოგადოება არ გაჩუმდება. ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი კონკრეტულად ბიზნესისთვის და აბსოლუტურად გაუგებარია, მიიღო კანონი 21-ე საუკუნეში და ადამიანს, რომელიც ბიუჯეტს გივსებს, თავისი აზრის გამოხატვა აუკრძალო,“ – ამბობს ჭუმბურიძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ – 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი მკაცრდება: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს – ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.
ამასთან, “გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით “გრანტის” ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.




