დაზარალებულად ცნობა იძლევა ერთადერთ უპირატესობას, შესაძლებელია წვდომა გაჩნდეს საქმის მასალებზე – ეს მასალები ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას, რომელზეც, როგორც დაზარალებულ გიორგი გახარიას წვდომა ექნება, თუ ის მასალებიც არ არის დაჩეხილი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „შერატონიც“ ჩაითრია ხელისუფლებამ დანაშაულებრივ ქმედებებში.
„შერატონიც“ ჩაითრია ხელისუფლებამ დანაშაულებრივ ქმედებებში, ვინაიდან დაზარალებულმა მხარემ ორი კვირის განმავლობაში ვერ მოვიპოვეთ ვერანაირად მასალები, მაშინ, როცა თავდასხმიდან 5 წუთში „იმედმა“ დადო თავისი დამონტაჟებული მასალები, რომლითაც არსებული რეალობა გააყალბა. ეს მასალები ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას, რომელზეც, როგორც დაზარალებულ გიორგი გახარიას წვდომა ექნება, თუ ის მასალებიც არ არის დაჩეხილი“, – განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მუშაობენ ყველა მიმართულებით, რათა როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიგონ, „რეალურად ბიძინა ივანიშვილი რა ნაბიჯებსაც დგამს“.
„გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოძიება ისე მიმდინარეობს, ალბათ, როგორც მზია ამაღლობელის შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილი ყველა თავის საჯარო გამოსვლაში, (რომელიც პოლიტიკაში მესამედ მობრუნების შემდეგ ჰქონდა,) გიორგი გახარიას მოიხსენიებდა ნეგატიურ კონტექსტში და მუდმივად ემუქრებოდა, ამიტომ თავდამსხმელი გიორგი გახარიაზე, ვინმეს ხომ არ ჰქონია მთვრალი ადამიანების ჯგუფია, რომლებმაც ჯერ ზვიად ქორიძეს მოუწყვეს თავდასხმა და შემდეგ გიორგი გახარიას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტზე.
გიორგი გახარია გაბრაზებულია უკვე დიდი ხანია და ყველანი გაბრაზებული ვართ, იმიტომ კი არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა გიორგი გახარიას თავს დაესხა, [არამედ იმიტომ,] რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მომავალს თავს დაესხა. იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფული, ძალაუფლება შეინარჩუნოს საქართველოს რუსული ორბიტისკენ დაბრუნების გზით მიდის. ეს არის საქართველოს ინტერესების პირდაპირი ღალატი.
რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ბიძინა ივანიშვილს დღეს საქართველოში მხარდამჭერები ჰყავს. პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ ყველა მისი ნაბიჯი გამოაცხადონ ერთადერთ ჭკვიანურ, მნიშვნელოვან ნაბიჯად… ჩვენ უნდა ვამხილოთ ბიძინა ივანიშვილი [რეალურად] რა ნაბიჯებსაც დგამს, ყველა მიმართულებით.
ეს ხელისუფლება არის მატყუარა, ცრუპენტელა. ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენი პარტია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ბიძინა ივანიშვილის როლი სწორად დაინახონ ამ საკითხში. საქართველოში შიგნით ამომრჩეველი, ვინც პროპაგანდის მსხვერპლია და პროპაგანდის გამო ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია, ამ ადამიანებთან ყველასთან არის საჭირო მუშაობა, თუნდაც პირისპირ შეხვედრა. მხილება, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, ტექსტი, რაღაცა ტიპის ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ადამიანების მოტყუებას. ეს ასე არ უნდა გაუვიდეს იმიტომ, რომ „შუბი კალთაში არ დაიმალება“, ყველაფერს ვხედავთ, როგორი ცრუპენტელა და მატყუარები არიან“, – აღნიშნა ძიძიგურმა.
გარდა ამისა, ძიძიგური „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელიც უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაზეც ძიძიგური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია „საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს“.
„პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა მზია ამაღლობელს. ჩემი პატივისცემა დავუდასტურო, ძალიან ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ყოფილა და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მისი ასეთი ბრძოლისუნარიანობით. მზია ამაღლობელს, რაც სასჯელი აქვს შეფარდებული, ასეთი განუკითხაობა, უსინდისობა, ძალიან ძნელად გაგახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიიდან.
მზია ამაღლობელი ამბობს, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მზად არის მოკვდეს. 16 დღე შიმშილობა იმდენად საშიშია ორგანიზმისთვის, რომ თუ ადამიანს რკინის ჯანმრთელობა არ აქვს, შეიძლება ისეთი პროცესები დაიწყოს, სრულიად მოულოდნელად, რომ შემდეგ ამას ვერავინ შეაჩერებს.
ხელისუფლების მიზანია დააშინოს ყველა – ჟურნალისტები, მომიტინგეები… მას სხვა ტაქტიკა, სტრატეგია არ აქვთ და ფიქრობს, რომ „ამათ ხერხემალში გადავტეხავ“. ეს ამ სტრატეგიის ნაწილია, რასაც ვხედავთ მზია ამაღლობელის მიმართებით.
ყველაფერი ყალბია, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. რამდენიმე კვირის წინ, „ხალხის ძალა“ „ოპოზიციაში“ გადავიდა და მათ „დაითრიეს“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი და ყასიდად მაინც თქვით [რამე] მზია ამაღლობელზე, ხომ ხართ „ოპოზიციონერები“? მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს რომ ეძახის და ამბობს, რომ ქვეყანას გაერთიანებს, ჟურნალისტი ტყუილად ციხეში ზის და თავს იკლავს, შიმშილობს, გამოდი და თქვი რაღაცა. ყაველაშვილს მივმართავ, ახლა ვინმემ არ თქვას, რომ „ყაველაშვილს ვინ ეკითხება“… გასაგებია, მაგრამ ყასიდად მაინც გააკეთე [განცხადება], ვითომ პრეზიდენტი ხარ ისე მოიქეცი ან ვითომ „ოპოზიცია“ ხარ, ისე მოიქეცი“, – აღნიშნა ძიძიგურმა.
