ფაქტობრივად, ხელისუფლება კანონმდებლობით დასდევს აქციის მონაწილეებს, რომ არ მისცეს მათ საშუალება, თავიანთი პროტესტი ამა თუ იმ ფორმით გამოხატონ , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ძიძიგურის თქმით, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში ახორციელებს, საბჭოთა კავშირში სწრაფი ტემპით დაბრუნებაა.
“ეს ბუნებრივი არ არის, ეს არაბუნებრივია სწორედ, როდესაც აკეთებ ისეთ რაღაცას, რომ აქციებს გინდა მოარგო კანონმდებლობა – ეს არ შეიძლება! სტრატეგიული ადგილი, შეიძლება, აქციის თვალსაზრისით იყო, თბილისი მოლის წინა ტერიტორია რატომ უნდა იყოს სტრატეგიული ადგილი, შემოვლითი გზა არსებობს, თუ კი წასასვლელი არის, სადმე სხვაგანაც შეიძლება წასვლა. ასე შეიძლება სტრატეგიულ ადგილად გამოაცხადონ რუსთაველის გამზირი, რიყე, იპოდრომი და, აქედან გამომდინარე, არსად აღარ შეიძლება აქციის ჩატარება.
ფაქტობრივად, ხელისუფლება კანონმდებლობით დასდევს აქციის მონაწილეებს, რომ არ მისცეს მათ საშუალება, თავიანთი პროტესტი ამა თუ იმ ფორმით გამოხატონ, მშვიდობიანი შეკრება განახორციელონ. უფრო მარტივია, საერთოდ აკრძალონ მიტინგებისა და შეკრებების თავისუფლება, რაც გვაქვს. აქამდე როგორც კი მიხვალ, ჩათვალე, რომ ჩრდილოეთ კორეაში ხარ, პირდაპირ იქეთ მივდივართ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები და ეს ნაბიჯები, რომელსაც ყველა ერთად ვხედავთ, ეს არის სწრაფი ტემპით დაბრუნება საბჭოთა კავშირში”, – განაცხადა ძიძიგურმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ „პროტესტს გადატეხს“, ამიტომ მისი მიდგომები ძალიან უხეშია.
“ივანიშვილს დღესაც ჰგონია, რომ გადატეხს ამ პროტესტს, ამიტომ ხისტად მოქმედებს. ეს არის ნაჯახით მუშაობა. ამ ხნის კაცი ვარ, ამდენი ხანია, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ვარ, პროტესტის ასეთი მასშტაბი არ მახსოვს, ამიტომ შეუძლებელია, ძალიან მწარედ ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ დაშინებებით, ამ უსამართლო სასამართლოებით, ამ ჟურნალისტების დევნითა და წამებით ისინი აქ ვინმეს შეაშინებენ, ძალიან ცდებიან. გააბრაზებენ, ნერვებს მოუშლიან, წყობიდან გამოიყვანენ, შეუძლებელია, რომ დღეს საქართველოში, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს თავის ქვეყნის ბედი, უყურებდეს იმას, რაც ხდება ქვეყანაში და ან მშვიდად ეძინოს, ან მშვიდად ჭამეს, ან ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდეს – არა, ყველანი არანორმალურად ვცხოვრობთ, მთელი საქართველო არანორმალური ცხოვრების რეჟიმში გადაიყვანა ბიძინა ივანიშვილმა.
უმაგალითო პროტესტის მომსწრეები ვართ, 28 ნოემბრის მერე გასულია ორ თვეზე მეტი და ამ პროტესტმა გამოიწვია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ არის ცნობილი”, – აღნიშნა ძიძიგურმა.