გიორგი გახარიას რა ბრალდებასაც უყენებენ, ეს არის ბრალის წაყენება „რატომ დაიცავი ქართული ინტერესი“. მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა – ოპოზიციური ლიდერების მიმართ ყველა ეს ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს, არის მცდელობა, რომ მან პოლიტიკური ველი ისე მოასუფთაოს, არავინ იყოს წინააღმდეგობის გამწევი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოების ჩადგმა არის მოქალაქეების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
„ასეთი საგუშაგოები რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯია. ერთადერთხელ გადადგა ასეთი ნაბიჯი დღევანდელმა ხელისუფლებამ. ეს იყო გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში და დადგა საგუშაგო სოფელ ჩორჩანაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის საქართველოს ინტერესების დასაცავად გადგმული ნაბიჯი. ამას შეიძლება გაეღიზიანებინა მხოლოდ ოკუპანტი. ამას არ უნდა გაეღიზიანებინა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მით უმეტეს, 6 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება. ამ თემაზე ბრალდების წარდგენა გიორგი გახარიასთვის, რომ შენ ამით პროვოცირება გაუკეთე რაღაცას, დაიკარგა ტერიტორიები და რაღაც, ეს არის ყურით მოთრეული მტკიცებულებები, ბრალდებები. საგუშაგოს გახსნა მარტო ერთ წერტილზე ნაგებობის ჩადგმას არ გულისხმობს, ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურას, გზებს, ფინანსთა სამინისტროდან ბიუჯეტის გამოყოფას, ეს ნიშნავს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რაღაც ტიპის ტექნიკის მობილიზებას და ა.შ. მთელი მთავრობა თუ არ იქნებოდა ჩართული, ამას მხოლოდ ერთი უწყება თავისი რესურსებით ვერ განახორციელებდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ცალსახა – გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეს სხვა არაფერი არ არის. ეს არის ივანიშვილის მუქარის გაგრძელება, რომელიც მან წინასაარჩევნოდ გააკეთა თავისი „ჯიბის ტელევიზიის“ ეთერში. მან თქვა, რომ საქმე უკვე შეკერილია და ძალიან მალე მას დავაპატიმრებთო. ოპოზიციური ლიდერების მიმართ ყველა ეს ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს, არის მცდელობა, რომ მან პოლიტიკური ველი ისე მოასუფთაოს, არავინ იყოს წინააღმდეგობის გამწევი. ეს ეხება მასმედიასაც, ეს ეხება პოლიტიკურ პარტიებსაც, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით ადამიანების დაპატიმრებას და ა.შ“, – განაცხადა ძიძიგურმა.
რაც შეეხება იმას, მივა თუ არა გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ძიძიგურის თქმით, გახარიას პოზიცია ასეთია: „ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება“.
„რამდენადაც გიორგი გახარიასთან ვისაუბრე, მისი გადაწყვეტილება არის ასეთი – ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება, იმის მიხედვითო. თავად გადაწყვეტს მივა თუ არა. მე არ შემიძლია, რომ დაგიდასტუროთ მივა, ან არ მივა. შეიძლება მივიდეს, შეიძლება არ მივიდეს. დაველოდოთ ორშაბათს, თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მეორედ დაბარების ნაწილში მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ეს უკვე ცინიკური გახდა. ეს არის ცინიზმი. ზოგი პოლიტიკური ფიგურა არც მივიდა, არც გირაო გადაიხადა, შემდეგ ციხეში ჩასვეს და მაინც მეორედ იბარებენ. ხაზარაძემ გირაო გადაიხადა, იმასაც მეორედ იბარებენ. გახარია, რომელიც მივიდა, მეორედ იბარებენ. „ქართულმა ოცნებამ“ სახე სრულად დაკარგა და გახდა ცინიკური ხელისუფლება. ეს აქამდე მათ ნაკლებად ახასიათებდათ. თუ პუტინს ჰბაძავს დღეს ივანიშვილი და თუ რუსეთს უნდა დაამსგავსოს საქართველო, პუტინიც თავისი მმართველობის პირველ წლებში დემოკრატიულ ტექსტებს ლაპარაკობდა. მერე მან იცოდა, რომ დემოკრატიულად ვერ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას და დაიწყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება დგამს. პუტინს აქვს უზარმაზარი ენერგეტიკული, სამხედრო რესურსი. არის საშიში ქვეყანა, ანგარიშგასაწევი. ბიძინა ივანიშვილი როცა იმავეს იმეორებს, მას იმ რესურსების ერთი პროცენტიც არ აქვს, რაც რუსეთს აქვს. ეს ცინიკოსობა, დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიტიკური პარტიების მოშლა, მასმედიასთან ასეთი დამოკიდებულება, დიდხანს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ძიძიგურმა.
კითხვაზე ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ციხეში გასაშვებად, ძიძიგურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არა, ბიძინა ივანიშვილი ემზადება ამის გასაკეთებლად“.
„სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტის მიმართ. ეს დაიწყო არა გუშინ და გუშინწინ, არამედ როდესაც გიორგი გახარია გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან და შემდეგ ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა. იმ დღიდან ივანიშვილს არცერთი თავისი გამოსვლა, ღია წერილი არ გაუშვია ისე, რომ გახარია არ მოეხსენებინა უარყოფით კონტექსტში. შემდეგ კულმინაცია და პიკი იყო, როცა მან არჩევნების წინა პერიოდში, პირდაპირ დაიმუქრა და თქვა, რომ მას ციხეში ჩასვამდა. ამის აღსრულება მიდის ახლა. სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც დაპატიმრებულები არიან ან დასაპატიმრებლად ამზადებენ. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. გიორგი გახარიას რა ბრალდებასაც უყენებენ, ეს არის ბრალის წაყენება „რატომ დაიცავი ქართული ინტერესი“. ეს არის შეთითხნილი საქმე. თუ რაიმე ტიპის არასწორი და ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო, ამის შემდეგ ორიოდე თვეში რატომ აირჩიეს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად?!“ – განაცხადა ძიძიგურმა.
გარდა ამისა, მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმჯობესია ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით და ერთიანი კანდიდატებით მიიღოს მონაწილეობა.
„რა თქმა უნდა, ერთიანი კანდიდატები სჯობს, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ფრონტით გასვლა სჯობს. თბილისს იგებს 250 ათასი ხმა. 250 ათასი კაცი ჯამურად იმ საპროტესტო აქციებზე თბილისში მისულია. თუ ამ ადამიანების დარწმუნება მოხდება, რომ არჩევნებზე მიდით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას თბილისი წაგებული აქვს. რამდენად მოხერხდება ამ ხალხის დარწმუნება, ეს მომავლის საქმეა. ხელაღებით უარის თქმა, რომ ხელისუფლებას შეუქმნა დისკომფორტი, რომლის მიხედვითაც თბილისში შეიძლება არჩევნები წააგოს, როგორ შეიძლება?! უკეთესი იქნება, რომ ეს მარტო არ მოხდეს. რა ფორმატით მოხდება, ამისთვის დრო არის. რაც არ უნდა უსამართლო იყოს არჩევნები, ჩემი პოზიციაა, მაინც უნდა შეხვიდე არჩევნებში. თუ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ბოიკოტი იქნა გამოსაცხადებელი, ამას ვინ გვიშლის? 4 აგვისტო არის ბოლო ვადა მონაწილეობის მიღების დასადასტურებლად. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – განაცხადა ძიძიგურმა.
