რომ შევადაროთ, რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს, რა ტიპის სააგიტაციო მასალის ვიზუალიზაციას აკეთებს და რა ტიპის ტექსტები და განცხადებები აქვთ, ოპოზიცია მასთან შედარებით არის უცოდველი კრავი , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და ეუბნება, რომ „ჩვენ ევროპაში მივდივართ“.
„საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს შორის ჩამოყალიბდა ასეთი ურთიერთობა: [ქართული ოცნებიდან] გამოდიან, აკეთებენ რუსულ განცხადებებს, რუსების მიმართ ლოიალურ განცხადებებს, როყიო განცხადებებს, მკვეთრ განცხადებებს. ასევე, კრიტიკულ და ხშირად შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ, ეს ხომ ცარიელ ადგილას აღმოცენებული აგრესია არ არის? – ამ აგრესიას უკან აშკარად რუსეთი უდგას, რომელიც ამ ყველაფერს მართავს. ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხედავენ და ამიტომაა ასეთი ტიპის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რა უნდა თქვან ევროპელმა ლიდერებმა, რომ „არა უშავს, არჩევნების შემდეგ ყველაფერს დავალაგებთ?“ – ეს თავად ივანიშვილის ტექსტი და გეგმაა, რომ საკუთარი ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში და უთხრას, ჩვენ ევროპაში მივდივართ.
ბილბორდებზე უწერიათ, რომ ჩვენ ღირსებით, მშვიდობით და კარგად მივდივართ ევროპაში, თან მეორე მხარეს, დახატული აქვთ სიძულვილის ენით გაჟღენთილი პლაკატები, სადაც ოპოზიციური ლიდერები გამოხატული ჰყავთ საშინელი მხეცების გამომეტყველებით. სად ევროპა და სად ასეთი ტიპის სიძულვილის ენა. სიძულვილის ენითაა გაჟღენთილი მთელი წინასაარჩევნო კამპანია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. რომ შევადაროთ, რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს, რა ტიპის სააგიტაციო მასალის ვიზუალიზაციას აკეთებს, რა ტიპის ტექსტები და განცხადებები აქვთ, ოპოზიცია მასთან შედარებით არის უცოდველი კრავი. დღევანდელ ხელისუფლებას ყველა პოზიტივი, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას შეუძლია თავისი მოსახლეობისთვის, თავიდან ბოლომდე ამოწურული აქვს. მას მხოლოდ პოლარიზაცია შეუძლია, შეუძლია საზოგადოება დააპირისპიროს და აჩხუბოს ერთმანეთში. ქვეყანა დაყვეს აგენტებად და მათ მოწინააღმდეგეებად. არანაირი ტიპის სიმშვიდე ამ ქვეყანაში არ იქნება, თუკი ივანიშვილი დარჩება ისევ 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით „პუტინის გზაზე მიდის“.
„ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთისკენ წასვლის შემთხვევაში, მას შეუძლია შეინარჩუნოს ხელისუფლება. თუ ევროპული სტანდარტები უნდა დაიცვა არჩევნების დროს, პოლიტიკური და საპარლამენტო ცხოვრების დროს, ეკონომიკის აწყობის დროს, მაშინ ეს ასეთი ადვილი არაა, რადგან მისი პარტიის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა დასული. აქედან გამომდინარე, პუტინის გზაზე მიდის. პუტინმა გაიარა ეს გზა, თუ როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში და ბუნებრივია ივანიშვილს ეს დაუჯდა ჭკუაში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ამასთან, როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები სამშობლოს ღალატის ნიშნებს შეიცავს.
„სამშობლოს ღალატის ნიშნები გვაქვს სახეზე. პოლიტიკური თანამდებობის პირი ამბობს ასეთ რამეს: კობახიძემ ივანიშვილის დავალებით ასეთი რამ თქვა: ომი დაიწყო საქართველომ და რუსეთ იძულებული იყო ჩარეულიყო. ეს არის ის ტექსტი და ნარატივი, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის. 2008 წლის შემდეგ 16 წელია გასული, მას მერე რუსები სულ მაგას ამბობენ და [ქართული ოცნების წარმომადგენლებმა] გაიმეორეს ერთი ერთში. მათ მათ ხელი შეუშალეს არაღიარების პოლიტიკას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.