ზვიად ცეცხლაძის ოჯახი აპირებს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საქმეზე სასამართლოში უჩივლოს შალვა პაპუაშვილს. შესაბამისი განცხადება დღეს, 4 ნოემბერს გააკეთა ზვიადის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
როგორც ირკვევა, დავის საგანი გახდება პაპუაშვილის განცხადებები, რომელშიც ის პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტს უწოდებს.
“[პაპუაშვილი] ტერორისტს უწოდებს ჩემს შვილს, რომელიც ტერორიზმის მუხლით საერთოდ არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რაც იყო თავიდან წარდგენილი, უფრო მსუბუქით შეუცვალეს. მე მოველაპარაკე ზვიადს და ჩვენ ვამზადებთ სარჩელს პაპუაშვილის წინააღმდეგ, რათა ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რასაც ის 20 წლის ბიჭს უწოდებს”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
შალვა პაპუაშვილი 20 წლის ზვიად ცეცხლაძეს “სასამართლოს მიერ დადასტურებულ ტერორისტს” უწოდებს, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენითაც კი დეზინფორმაციაა.
პაპუაშვილმა ეს ფრაზა თქვა ევროკავშირის ელჩთან მიმოწერის კრიტიკის კონტექსტში. შემდეგ კი განაცხადა, რომ არსებობს სასამართლო განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ის იყო ძალადობის ორგანიზატორი და “ამას, საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ჰქვია ტერორიზმი”.
პაპუაშვილმა ცეცხლაძეს ტერორისტი პირველად 22 ოქტომბერს, ფეისბუქ-პოსტში უწოდა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ცეცხლაძისთვის მიწერილ წერილს. იქამდე ცეცხლაძემ თავად მისწერა წერილი ელჩს და სთხოვა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რომ ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ.
რეალურად, მუხლი, რომლითაც ცეცხლაძეს 2,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, გულისხმობს “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს”.
მართალია, თავდაპირველად სახელმწიფო ბრალდება ცეცხლაძეს “ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა”, მაგრამ 9-თვიანი განხილვის შემდეგ პროკურატურამ ამ ბრალდების დამტკიცება მოსამართლე მჭედლიშვილის თვალშიც კი ვერ შეძლო.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცეცხლაძეს ბრალი “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის” ორგანიზებამდე გადაუკვალიფიცირა. მჭედლიშვილის განაჩენში, “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა” განმარტებულია როგორც საჯაროდ ლანძღვა-გინება, სხვადასხვა საგნის სროლა, ბარიკადების მოწყობა სპეცრაზმელებისგან თავის დასაცავად და ა.შ.
ადვოკატებმა მჭედლიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს – ისინი ამტკიცებენ, რომ ზვიად ცეცხლაძის არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
მუხლი (226) რომლითაც ზვიად ცეცხლაძეს პატიმრობა მიუსაჯეს, ისჯება – ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ტერორიზმი ისჯება მხოლოდ პატიმრობით – 10-დან 15 წლამდე.




